ისტორია 2018 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ასტრონომები დააკვირდნენ უცნაური მახასიათებლების მქონე აფეთქებას. ობიექტმა სახელად AT2018cow მსოფლიო მეცნიერების ყურადღება მიიპყრო და ფართო შესწავლის საგანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რიგი მახასიათებლებით ზეახალის აფეთქებებს გავდა, ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვადასხვა ასპექტით. კერძოდ, უცნაური ჩანდა თუ როგორ იზრდებოდა მისი თავდაპირველ სიკაშკაშეში და რამდენად სწრაფად ჩაქრა ის რამდენიმე დღეში.
2016 და 2018 წლებში აღმოჩენილი იქნა ასევე ორი სხვა უცნაური მძლავრი აფეთქება: CSS161010, (მოხდა დაახლოებით 500 მილიონი სინათლის წლის მანძილით დაშორებულ გალაქტიკაში) და ZTF18abvkwla (დაიმზირა დაახლოებით 3,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილით დაშორებულ გალაქტიკაში). ორივე ეს შემთხვევა აღმოაჩინეს ხილულ სპექტრში ცის ავტომატური სკანირების პროექტის ფარგლებში (Catalina Real-time Transient Survey, All-Sky Automated Survey for Supernovae, and Zwicky Transient Facility).
ასტრონომების ორი ჯგუფი აკვირდებოდა ამ ობიექტებს ნიუ-მექსიკოს შტატში განთავსებული რადიო-ტელესკოპების ქსელის VLA-ს მეშვეობით (იხ. სურათი). ორივე ჯგუფმა ასევე გამოიყენა გიგანტური მეტრული რადიო-ტელესკოპების ქსელის (ინდოეთი) და კოსმოსური რენტგენული ობსერვატორია Chandra-ს (NASA) მონაცემები.
ZTF18abvkwla სიგნალის შემსწავლელი ჯგუფის ლიდერი Anna Ho (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) აღნიშნავს, რომ ობიექტის რადიო გამოსხივება სიმძლავრით გამა-აფეთქებას უტოლდებოდა. „მონაცემების დამუშავების შემდეგ, თავიდან გვეგონა, რომ შეცდომა დავუშვით,“ ამბობს იგი.
CSS161010 სიგნალის კვლევის ლიდერი Deanne Coppejans (ილინოისის შტატის ჩრდილო–დასავლეთის უნივერსიტეტი) გვამცნობს, რომ ობიექტმა ვარსკვლავთშორის სივრცეში გამოტყორცნა უზარმაზარი რაოდენობის ნივთიერება სინათლის სიჩქარის ნახევარზე მეტი სიჩქარით.
ორივე შემთხვევაში ნარჩენ გამოსხივებას ჰქონდა AT2018cow მოვლენის მსგავსი მახასიათებლები. ამიტომ ჟურნალ Astrophysical Journal Letters მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებში, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს სამი მოვლენა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა აფეთქებებისგან და ისინი მიაკუთვნეს ახალ კლასს - Fast Blue Optical Transients (FBOT).
მეცნიერებმა აზრით FBOT იწყება როგორც ზოგიერთი ტიპის ზეახალი ან გამა აფეთქება, როცა მზეზე უფრო მასიური ვარსკვლავი ფეთქდება მისი "ნორმალური" ატომური შერწყმების სტადიის დასრულების შემდეგ. განსხვავებები თავს იჩენს აფეთქების შემდეგ. ასეთი კლასის "ჩვეულებრივი" ზეახალის შემთხვევაში, აფეთქების შედეგად წარმოიქმნება სფერული ტალღა ვარსკვლავთშორის სივრცეში. თუ ამ აფეთქების შედეგად გაჩენილი ნეიტრონული ვარსკვლავის, ან შავი ხვრელის გარშემო წარმოიქმნა მატერიის სწრაფად მბრუნავი დისკი, მაშინ ჩნდება პერპენდიკულარულად მიმართული ნაწილაკების ორი ვიწრო ჭავლი, რომლებიც წარმოქმნიან გამა აფეთქებებს.
FBOT-ს შემთხვევაში, გამა აფეთქებებისგან განსხვავებით, აკრეციული მასალა არის საკმაოდ სქელი. დამატებითი ნივთიერება შესაძლოა გამოიტყორცნა ვარსკვლავის მიერ აფეთქებამდე, ან მიზიდული იქნა მეორე კომპანიონი ვარსკვლავის მიერ. როცა მატერიის დიდ რაოდენობას ეჯახება აფეთქების ტალღა, ჩნდება კაშკაშა ნათება ხილულ სპექტრში, რაც განასხვავებს მას ჩვეულებრივი ზეახალისგან. ამ დაჯახებისას ასევე წარმოიქმნება მძლავრი რადიო გამოსხივება.
ასტრონომების მიერ დადგინდა, რომ CSS161010, ZTF18abvkwla და AT2018cow წარმოიქმნნენ პატარა, ჯუჯა გალაქტიკებში, რომლებშიც შესაძლოა მომხდარიყო ვარსკვლავების იშვიათი ევოლუცია.
წყარო :
https://www.sciencedaily.com/releases/2020/05/200526161131.htm