ხელოვნური თანამგზავრის ძველი მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მთვარის თითქმის მთლიანი ზედაპირი აფრქვევს ნახშირბადის იონების ნაკადს, რაც უარყოფს დიდი ხნის მოსაზრებას რომ მთვარეზე უკვე უნდა ამოწურულიყო CO2 და სხვა აქროლადი ელემენტები. სავარაუდოდ ამჟამად დაკვირვებული ნახშირბადი უნდა წარმოქმნილიყო მთვარის ფორმირებისას, ან ცოტა მოგვიანებით დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ. ეს კი ნიშნავს, რომ გადასახედია გავრცელებული თეორია მთვარის დარტყმითი ფორმირების შესახებ, რომელიც წინასწარმეტყველებს მთვარეზე აქროლადი ელემენტების მცირე რაოდენობას.
მეცნიერებმა ეს დასკვნა გააკეთეს კოსმოსური ხომალდის KAGUYA (იაპონია) მონაცემების საფუძველზე, რომელიც 2007 წელს იქნა გაშვებული და მთვარის ორბიტაზე დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა მონაცემებს. ამ ხომალდის ერთ-ერთი მოწყობილობა იყო იონური მას-სპექტრომეტრი, რომელიც აღრიცხავდა მთვარის იონებს, ნახშირბადის ჩათვლით. Apollo-ს მისების მიერ 1960-1970-იან წლებში ჩამოტანილი მთვარის გრუნტში ნახშირბადის და სხვა აქროლადი ნივთიერებების კონცენტრაცია ძალიან მცირე იყო. სწორედ ეს გახდა იმ ჰიპოთეზის ძირითადი საფუძველი, რომ მთვარე შეიქმნა დედამიწის მარსის ზომის ობიექტთან (Theia) შეჯახების შედეგად ამოტყორცნილი მასისაგან, რომლის მაღალი ტემპერატურის გამო (4,000-6,000 კელვინი) აქროლად ნივთიერებებს უნდა დატოვებინათ მთვარის ზედაპირი.
„მშრალი“ მთვარის ჰიპოთეზა ეჭვქვეშ დადგა როცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა ნახშირბადისა და წყლის დიდი რაოდენობა მთვარის ზედაპირზე. მეცნიერებმა გადახედეს ასევე KAGUYA-ს მონაცემებს და აღმოაჩინეს, რომ ნახშირბადი გამოყოფოდა მთვარის მთლიანი ზედაპირიდან, თანაც სხვადასხვა რაოდენობით სხვადასხვა გეოგრაფიულ უბნებში. ნახშირბადის იონების კონცენტრაციიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს მზის ქარების დანალექს, ან მიკრო-მეტეორებიდან მოტანილ ნახშირბადს, რადგან ორივე შემთხვევაში მთვარეზე მცირე რაოდენობის ნახშირბადი გვექნებოდა. ასევე კონცენტრაციის ვარირება მიგვანიშნებს, რომ ნახშირბადის მარაგი თვითონ მთვარის გრუნტშია, ალბათ მისი წარმოშობის მომენტიდან.
ახალი მონაცემების ასახსნელად მეცნიერები უშვებენ, რომ შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მთვარის მასის ტემპერატურა შეიძლება ყოფილიყო გაცილებით ნაკლები, ან საერთოდ გადასახედია შეჯახების თეორია. ეს აჩვენებს, რომ მთვარის გაზების შემდგომი კვლევები შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მომავალი ექსპედიციებისთვის მთვარის ორბიტაზე, ან NASA-ს მიერ მთვარეზე დაგეგმილი პილოტირებული მისიებისთვის.
მკვლევარების აზრით სასარგებლო იქნება მთვარის აქროლადების შემდგომი კვლევა (მაგალითად მთვარის ზედაპირის მიერ C+ ის გამოსხივების იზოტოპური ანალიზი), რათა მოხდეს მთვარის საკუთარი და მზის ქარებისგან და მეტეორებისგან შემოტანილი ნახშირბადის რაოდენობების შეფასება.
წყარო:
https://www.sciencealert.com/the-moon-is-emitting-carbon-putting-our-formation-theory-to-question