ამ დროისათვის გალაქტიკაში ასობით ვარსკვლავია აღმოჩენილი რომელთაც რამდენიმე პლანეტა უვლის გარშემო. თითოეული მათგანი უნიკალურია, მაგრამ სისტემა რომელიც ჩვენგან 88 სინათლის წლითაა დაშორებული და ვარსკვლავ HD 158259-ს ეკუთვნის ნამდვილად გამორჩეულია. ვარსკვლავი დაახლოებით მზის მასისაა, ხოლო ზომით ოდნავ მასზე დიდია, რაც იშვიათობაა ეგზოპლანეტების ძიებისას. ამ ვარსკვლავს გარს უვლის ექვსი პლანეტა: ე. წ. სუპერ დედამიწა და ხუთი მინი-ნეპტუნი.
შვიდწლიანი დაკვირვების შემდეგ ასტრონომებმა დაადგინეს რომ ექვსივე პლანეტა თითქმის იდეალურ ორბიტალურ რეზონანსშია ერთმანეთთან. ეს აღმოჩენა შეიძლება დაგვეხმაროს უკეთ გავიგოთ პლანეტების ფორმირების მექანიზმი და ის თუ როგორ იღებენ პლანეტარული სისტემები ისეთ კონფიგურაციას როგორსაც დღეს ვაკვირდებით.
ორბიტალური რეზონანსი ეწოდება მოვლენას, როდესაც ორი სხეულის მოძრაობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან (რაც გამოწვეულია მათ შორის გრავიტაციული ურთიერთქმედებით).
მზის სისტემის პლანეტებისთვის ასეთი რამ დიდი იშვიათობაა, გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს პლუტონი და ნეპტუნი. შესაძლოა ითქვას რომ ეს ორი პლანეტა არის 2:3 რეზონანსში - პლუტონის ორ შემოვლას მზის გარშემო, ნეპტუნის 3 შემოვლა შესაბამება. ეს შეიძლება შევადაროთ ორ მუსიკას რომელიც ერთდროულად ჟღერს მაგრამ განსხვავებული რიტმით, კერძოდ პირველის სამ დარტყმას მეორის ორი დარტყმა შეესაბამება.
ორბიტალური რეზონანსი ასევე დაიკვირვება ეგზოპლანეტებშიც. HD 158259 სისტემის თითოეული პლანეტა 3:2 რეზონანსშია თავის მომდევნო პლანეტასთან, ანუ პერიოდების შეფარდებაა 1.5. ეს კი მიგვანიშნებს, რომ თითოეული პლანეტის სამი შემოვლისას მომდევნო პლანეტა 2 ბრუნს აკეთებს.
სპექტროგრაფ SOPHIE-ს (საფრანგეთი) და ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის (NASA) მონაცემების გამოყენებით, საერთაშორისო მკვლევარების ჯგუფმა, Nathan Hara-ს (შვეიცარია) ხელმძღვანელობით, დიდი სიზუსტით გაზომა თითოეული პლანეტის ორბიტის პარამეტრები.
პლანეტები მჭიდროდ აღმოჩნდნენ განლაგებულნი. დაწყებული ორი უახლოესი დედამიწის მასის მქონე ე. წ. სუპერ-დედამიწით, პლანეტების პერიოდებია: 2.17, 3.4, 5.2, 7.9, 12 და 17.4 დღე. რაც წყვილებს შორის 1.57, 1.51, 1.53, 1.51 და 1.44 პერიოდების შეფარდებებს გულისხმობს. ეს რა თქმა უნდა არ არის იდეალური რეზონანსი, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ სისტემა არაორდინალურად მივიჩნიოთ.
ზემოთაღნიშნული ფაქტი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ პლანეტები არ წარმოქმნილან იქ სადაც დღეს მდებარეობენ. მიიჩნევა, რომ „ასეთი სისტემები წარმოიქმნებიან ვარსკვლავიდან შორს და შემდეგ განიცდიდნენ მიგრაციას მისკენ. ასეთი სცენარში რეზონანსი გადამწყვეტ როლს თამაშობს.“ამბობს Stephane Udry (ჟენევის უნივერსიტეტი). რეზონანსი გამოწვეული უნდა იყოს პლანეტარულ დისკოში პროტოპლანეტების ფორმირების და შემდგომ გარე კიდიდან ცენტრისაკენ მათი გადაადგილების გამო. ასეთი პროცესები სისტემაში იწვევენ ორბიტალური რეზონანსების ჯაჭვს. ამ გადაადგილებების შემდეგ, პლანეტარული დისკოში დარჩენილი გაზის გაფანტვამ შეძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს, რითიც აიხსნება პერიოდების შეფარდებებს შორის მცირე განსხვავებები. ეს განსხვავებები კი შეიძლება დაგვეხმაროს ზემოთაღნიშნული გაზის გაფანტვის პროცესის შესწავლაში.
„ამ მნიშვნელობებისა და მეორეს მხრივ გრავიტაციული მიმოქცევის მოდელების გამოყენებით, მომავალ კვლევებში შევძლებთ შევაფასოთ პლანეტების შინაგან სტრუქტურა. საბოლოო ჯამში, სისტემის ახლანდელი მდგომარეობა მინიშნებებს გვაძლევს მისი ჩამოყალიბების შესახებ“ ამბობს Nathan Hara.
წყარო: