შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

კვაზარებზე დაკვირვება მიგვითითებს ელექტრო-მაგნიტური კონსტანტის ვარიაციაზე
კვაზარებზე დაკვირვება მიგვითითებს ელექტრო-მაგნიტური კონსტანტის ვარიაციაზე

13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა თითქოს იპოვეს მტკიცებულება, რომ ნაწილაკებს შორის ელექტრო-მაგნიტური ურთიერთქმედების ფუნდამენტური კონსტანტა შეიძლება არც ისე მუდმივი იყოს. გრავიტაციულ, სუსტ და ძლიერ ძალასთან ერთად, ელექტრო-მაგნიტური ურთიერთქმედება ერთ-ერთია ოთხ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას შორის, რომელიც აკავშირებს ყველაფერს სამყაროში. ელექტრომაგნიტური ძალა ორ ელემენტარულ ნაწილაკს შორის გამოითვლება ე. წ. ზომერფელდის მუდმივის დახმარებით, რომელიც აგებულია ელექტრონის მუხტის, სინათლის სიჩქარის და პლანკის ფუნდამენტური კონსტანტების მეშვეობით.

ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის ახალი მონაცემები, სხვა დამოუკიდებელი კვლევების მონაცემებთან ერთად, ამ მუდმივის მცირე ვარიაციის (~ 10-5) არსებობაზე მიუთითებენ, რასაც შესაძლოა უდიდესი გავლენა ქონდეს ჩვენს მიერ სამყაროს გაგებაზე. თუმცა შედეგები მიღებულია 3.9 სიგმა სტანდარტული გადახრის სიზუსტით, მაშინ როცა აღმოჩენის საბოლოოდ დასადასტურებლად საჭიროა მინიმუმ 5 სიგმა სიზუსტე.

მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ სამყაროს შეიძლება გააჩნდეს აქამდე უცნობი გამორჩეული მიმართულება, რომლის გასწვრივაც ხდება ზემოთხსენებული ვარიაცია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო შეიძლება იყოს ორიენტირებული, რაც ძალიან უცნაურია.

„სინამდვილეში სამყაროში შეიძლება არსებობდეს რაიმე განსაკუთრებული მიმართულება, რომლის გასწვრივაც ფიზიკის კანონები იცვლება, ხოლო მისი მართობული მიმართულებით კი არა. სხვანაირად რომ ვთქვათ სამყაროს რაღაც გაგებით დიპოლური სტრუქტურა გააჩნია.“ ამბობს ასტროფიზიკოსი ჯონ ვები (ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, ავსტრალია).

ელექტრომაგნიტურ ძალას გააჩნია უმნიშვნელოვანესი დანიშნულება - დააკავშიროს ელექტრონები ბირთვთან, ატომის შიგნით. მის გარეშე მატერია უბრალოდ დაიშლებოდა. ეს ურთიერთქმედება ასევე გვაძლევს ხილულ სინათლეს და არის მთავარი მიზეზი იმისა რის გამოც ელექტრობა მუშაობს ჩვენთვის ცნობილი წესებით.

ჩილეში მდებარე გიგანტური ტელესკოპიდან (VLT) მიღებული სურათებისა და მონაცემების საშუალებით, მკვლევარების გუნდმა გაზომა ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება შორეულ კვაზარზე, ანუ ახალგაზრდა სამყაროში. მონაცემებს სჭირდება შემოწმება და დაზუსტება, თუმცა ჯგუფი ამტკიცებს რომ მიღებული შედეგები ბევრ კითხვას ბადებს.

„მონაცემების შეჯერება ცხადყოფს რომ ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება მით უფრო იზრდება, რაც უფრო შორს ვიყურებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ნელ-ნელა მცირდება. ორთოგონალური მიმართულებით კი ზომერფელდის მუდმივა უცვლელია. ახალმა, შორ მანძილებზე ჩატარებულმა გაზომვებმა გააფართოვა ჩვენი დაკვირვების არეალი იმაზე მეტად ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა მიღწეული“ ამბობს ვები.

მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სამყაროს გააჩნია ორიენტაცია, ეთანხმებიან ასევე დამოუკიდებლად მომუშავე ამერიკელი მკვლევარების ჯგუფი. ისინი სწავლობდნენ რენტგენის გამოსხივების ბუნებას და შენიშნეს ანალოგიური გამორჩეული მიმართულების არსებობა, როგორიც აღმოაჩინა „ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის“ გუნდმა.

საკმაოდ რთულია იმის დადგენა თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ფიზიკისათვის ზემოთხსენებული დაკვირვების შედეგები. ისინი აუცილებლად იმსახურებენ შემდგომ კვლევას. ისიც კია შესაძლებელი, რომ ფუნდამენტურ ძალების თანამედროვე თეორია კარგა ხნით თაროზე გახდეს შემოსადები.

აღსანიშნავია ასევე ერთი წლის წინ გამოქვეყნებული კვლევა შესაძლო მეხუთე ძალის არსებობის შესახებ. რაც უფრო შორს ვიყურებით სამყაროში და მეტ აღმოჩენებს ვაკეთებთ, ყველაფერი მით უფრო რთული და უცნაური ხდება.

„კოსმოლოგიის სტანდარტული მოდელი ეფუძნება იდეას, რომ სამყარო იზოტროპული და ერთგვაროვანია ყველა მიმართულებით. თავად ეს მოდელი კი ემყარება აინშტაინის გრავიტაციის თეორიას, რომელიც უშვებს ბუნების კანონების მუდმივობას დროსა და სივრცეში.“ ამბობს ვები.

თუ ზემოთხსენებული ფუნდამენტური პრინციპი მხოლოდ მიახლოება აღმოჩნდება, ფიზიკაში კარი გაეხსნება ახალ იდეებს.

წყარო:

https://www.sciencealert.com/new-tests-suggest-the-fundamental-forces-of-nature-aren-t-constant-across-the-universe?fbclid=IwAR0zus9uJaTtmbNpBcUuCSqzweG7uCil_buj1QFkayC9CYsTxP

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.