სამშაბათს, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით 14 საათზე გამოცხადდა 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურიატები ფიზიკაში. პრემიის ნახევარი მიენიჭა ამერიკელ ფიზიკოს ჯემს პიბლს (James Peebles) ნახევარსაუკუნოვანი თეორიული კვლევებისთვის კოსმოლოგიაში. პრემიის მეორე ნახევარი გაიყვეს შვეიცარელმა ასტრონომებმა მიშელ მაიორმა (Michel Mayor) და დიდიე ქუელომ (Didier Queloz) მზის ტიპის ვარსკვლავთან პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენისთვის.
ამერიკელი ფიზიკოსი ჯეიმს პიბლსის (James Peebles,Princeton University, USA) ძირითადი შრომები ეძღვნება, ნუკლეოსინთეზს, ბნელ ენერგიას, ფარულ მატერიას და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურის ფორმირების საკითხებს. თუმცა მისი ძირითადი შედეგები ეხება ადრეულ სამყაროში წარმოქმნილ რელიქტური ფონური გამოსხივების სპექტრს.
რელიქტური ფონური გამოსხივების არსებობა ჯერ კიდევ 1948 წელს ივარაუდეს. 1965 წელს ეს გამოსხივება შემთხვევით იქნა ნაპოვნი არნო პენზიასის და რობერტ ვილსონის მიერ, რომლებმაც ამ აღმოჩენისთვის 1978 წელს მიიღეს ნობელის პრემია ფიზიკაში. ასე, რომ ჯ. პიბლსის შრომები ეძღვნებოდა არა რელიქტური ფონური გამოსხივების აღმოჩენის ფაქტს, არამედ მის თვისებებს.
- ჯ. პიბლსმა აჩვენა, რომ რელიქტური ფონური გამოსხივება დიდ როლს ასრულებს გალაქტიკების ჩამოყალიბების საკითხებში;
- მან გამოთვალა რელიქტური გამოსხივების ფლუქტუაციების სპექტრი. კერძოდ შეაფასა ტემპერატურის ფლუქტუაციები თუ ჩვეულებრივ მატერიას დავამატებთ ცივ ფარულ მატერიას და აჩვენა, რომ ასეთ მოდელში ფარდობითი ტემპერატურის ამპლიტუდის ვარიაცია დაახლოებით 5×10−6-ის ტოლი იქნებოდა;
- შემდგომ ჯ. პიბლსმა მოდელს დაამატა უარყოფითი სიმკვრივის მქონე ბნელი ენერგია და გადათვალა რელიქტური გამოსხივების სპექტრი;
- ჯ. პიბლსმა შეისწავლა სამყაროს ფარული კომპონენტების როლი სამყაროს ევოლუციის და გალაქტიკების ფორმირების მოდელებში.
ჯ. პიბლსის თეორიული ვარაუდები მოგვიანებით დაადასტურეს COBE, WMAP და Planck სატელიტების მონაცემებმა. ამ კვლევების შედეგად ჩვენ ვიცით, რომ ჩვეულებრივი მატერია შეადგენს სამყაროს მხოლოდ 5 %-ს, სამყაროს 26 % წარმოდგენილია ფარული მატერიის, ხოლო 69 % ბნელი ენერგიის სახით.
შვეიცარელმა ასტრონომებმა მიშელ მაიორმა (Michel Mayor, University of Geneva, Switzerland) და დიდიე ქუელომ (Didier Queloz,University of Geneva, Switzerland; University of Cambridge, UK) ფრანგულ ალპებში განთავსებული ზემო პროვანსის ობსერვატორიაში 1995 წელს აღმოაჩინეს 51-პეგასი-b, პირველი ეგზოპლანეტა მზის პარამეტრების მქონე ვარსკვლავის ორბიტაზე. ეს პლანეტა მიეკუთვნება ე.წ. ცხელი იუპიტერების კლასს და ბრუნავს ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავის ჰელვეტიოსის გარშემო პეგასის თანავარსკვლავედში. ამ აღმოჩენის გასაკეთებლად მეცნიერებმა შეიმუშავეს დოპლერის ეფექტზე დაფუძნებული ზე-მგრძნობიარე სპექტრომეტრი, რომელიც აფიქსირებდა ვარსკვლავების სპექტრის პერიოდულ წანაცვლებას, რაც მათ გარშემო პლანეტების ბრუნვით არის გამოწვეულ. შემუშავებული მეთოდის გამოყენებით ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში დღემდე უკვე აღმოაჩინეს 4,000-ზე მეტი ეგზოპლანეტა, რომელთა ნაწილი პოტენციურად სიცოცხლის მატარებლად ითვლება.
ნობელის კომიტეტის განცხადებით, წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურიატების აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს ახლებურად გავიაზროთ ადამიანის ადგილი ჩვენ სამყაროში.
წყარო:
https://www.nobelprize.org/uploads/2019/10/press-physics2019.pdf