ჟურნალ Nature-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი ასტრონომების სტატია ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის გარეშემო ცივი ნისლოვანი დისკოს აღმოჩენის შესახებ. დაკვირვებებისთვის გამოყენებული იქნა ატაკამას უდაბნოში (ჩილე) განთავსებული რადიო ტელესკოპების მასივი Atacama Large Millimeter/submillimeter Array (ALMA).
ჩვენი გალაქტიკის ცენტრი დედამიწიდან დაახლოებით 26 000 სინათლი წლით არის დაშორებული. ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი, მშვილდოსნის A, რომელიც ჩვენ მზეზე 4 000 000-ჯერ მძიმეა.
ცნობილია, რომ რეგიონი შავი ხვრელის გარშემო შეიცავს უამრავ მოხეტიალე ვარსკვლავს, მტვრის ღრუბლებს, ასევე ცხელი და შედარებით გრილი აირების რეზერვუარს. მოსალოდნელია, რომ ეს აირები ბრუნავდეს შავი ხვრელის გარშემო არსებულ აკრეციულ დისკოში, რომელიც ვრცელდება შავი ხვრელის ჰორიზონტიდან რამდენიმე ათეულ სინათლის წელის მანძილზე.
აქამდე ასტრონომებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ მხოლოდ აკრეციულ დისკოში მყოფი აირის მცირე, ცხელ კომპონენტს, რომელიც ქმნის სფერულ დინებას და არ ხასიათდება ბრუნვის გამოყოფილი მიმართულებით. მისი ტემპერატურა შეფასებულია 10 მილიონ გრადუს ცელსიუსად, რაც მზის ბირთვის ტემპერატურის 2/3-ის ექვივალენტურია. ამ ტემპერატურაზე აირი ასხივებს რენტგენულ სპექტრში, ამიტომ შესაძლებელია მისი შეისწავლა რენტგენული ტელესკოპებით.
ცხელ მანათობელ აირთან ერთად, დაკვირვებებმა მილიმეტრი-ტალღის სიგრძის ტელესკოპებით, აღმოაჩინა საკმაოდ გრილი - 10 000 გრადუსი ცელსიუსის წყალბადური აირის დიდი მარაგი შავი ხვრელისგან რამდენიმე სინათლის წლით მოშორებით. ამ გრილი აირის არსებობა შავი ხვრელის აკრეციულ დინებაში აქამდე არ იყო ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელი არის შედარებით წყნარი, მის გარშემო რადიაცია მაინც საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ გამოიწვიოს წყალბადის ატომების ელექტრონების დაკარგვა და რეკომბინაცია. ეს რეკომბინაცია იწვევს მახასიათებელ მილიმეტრი ტალღის სიგრძის სიგნალს, რომელსაც მცირე დანაკარგებით შეუძლია დედამიწამდე მოღწევა.
თავისი მრძნობიარობის და მცირე დეტალების დანახვის შესაძლებლობის გამო ALMA-ს ჰქონდა შესაძლებლობა აღმოეჩინა ასეთი სუსტი რადიო-სიგნალები და შეექმნა შავი ხვრელისგან ასი სინათლის წლით დაშორებით მდებარე გრილი აირის დისკოს პირველი სურათი. მკვლევარები ამბობენ, რომ ამ გრილ აირში წყალბადის წილი იუპიტერის მასის 1/10 ან მზის მასის 1/100 შეადგენს.
ბოლო დაკვირვებებმა ასტრონომებს საშუალება მისცა ასევე გაერკვიათ გრილი აირის მოძრაობის ტრაექტორია. რადიო სინათლის დოპლერის ეფექტის გაზომვით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ აირი ბრუნავს შავი ხვრელის გარშემო.
სურათზე ფერები მიგვითითებს აირის მოძრაობის მიმართულებას დედამიწის მიმართ: წითელი ფერი შეესაბამება ჩვენგან მოძრაობას, ხოლო ლურჯი აღნიშნავს დედამიწისკენ მოძრავ გაზს. ჯვარით აღნიშნულია შავი ხვრელის მდებარეობა.
ახალი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, ახლებურად შევხედოთ შავი ხვრელის მიერ მატერიის ჩაყლაპვის მექანიზმს და რთულ კავშირს შავ ხვრელსა და მის გალაქტიკურ გარემოს შორის.
ლიტერატურა: