2015 წელს ნავარას უნივერსიტეტის (ესპანეთი) და ბრისტოლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა შექმნეს აკუსტიკური სისტემა, რომელიც იყენებდა ულტრაბგერას ობიექტების ლევიტაციის და გადაადგილებისთვის. სისტემა შედგებოდა 64 დინამიკისგან და იმართებოდა პროგრამულად, რათა სივრცეში შეექმნა 3D ბგერითი ველი - აკუსტიკური ჰოლოგრამა - რომელსაც შეეძლო ჰაერში გაეჩერებინა მცირე ზომის პოლისტირენის ნაწილაკი და გაეკონტროლებინა მისი მოძრაობა.
მას შემდეგ მოხდა სისტემის დახვეწა და შეიქმნა აკუსტიკური ლევიტაციის ხელსაწყო დინამიკების ორი მასივისგან, რომელსაც შეეძლო ერთდროულად 25 პოლისტირენის ბურთულას მართვა, რამაც ჰაერში ვიზუალური ეფექტების მიღების საშუალება გააჩინა, რომელთა დამზერა 360°-ით იქნებოდა შესაძლებელი.
თუმცა მრავალი მფრინავი ნაწილაკის საშუალებით მაღალი ხარისხის გამოსახულების შექმნა რთული აღმოჩნდა, რადგან ულტრაბგერის ტალღის სიგრძე ზღუდავდა ნაწილაკების რიცხვს და მინიმალურ მანძილს მათ შორის - დაახლოებით 1 სმ.
ამიტომ მეცნიერებს ახალი იდეა გაუჩნდათ, გამოეყენებინათ ერთი მანათობელი ნაწილაკი, რომელიც სწრაფად იმოძრავებდა და სივრცეში გამოსახულებას დახატავდა.
ამერიკის აკუსტიკური საზოგადოების ბოლო, 177 შეხვედრაზე, რომელიც მაისში ჩატარდა ლუისვილში, ჯგუფმა წარმოადგინა მათი ახალი სისტემა, რომელიც შედგებოდა 30 ულტრა ბგერითი დინამიკისგან შემდგარი ორი მასივისგან და 0.7 მმ პოლისტირენის ბირთულისგან, რომლის საშუალებითაც სივრცეში იხატებოდა 12×12 მმ ზომის ბრისტოლის უნივერსიტეტის ლოგო (იხ. სურათი).
მკვლევარების სიტყვებით მათ მოახერხეს ბურთულას მოძრაობა 60 სმ/წმ სიჩქარით და ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღერძების მიმართ მისი ლევიტაციის ცდომილების 0.11 მმ და 0.03 მმ დაყვანა, რაც საკმარისი იყო გამოსახულების შესაქმნელად.
ამჟამად მეცნიერები მუშაობენ სისტემის დახვეწაზე. დაგეგმილია გამოსახულების მიღება 10 სმ ზედაპირზე ან 3 სმ ზომის კუბში, რაც მოითხოვს, რომ ბურთულამ ყოველი 40 სმ წამში 10-ჯერ დაფაროს. ასევე ფიქრობენ რამდენიმე მანათობელი ბურთულას გამოყენებას უფრო რთული გამოსახულებების მისაღებად.
წყარო:
https://physicsworld.com/a/ultrasound-guides-particle-in-a-midair-display/