ჟურნალ Nature-ის აპრილის ნომერში დაიბეჭდა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომლებმაც შეისწავლეს დედამიწიდან 8,000 სინათლის წლით დაშორებული შავი ხვრელისა და ჩვეულებრივი ვარსკვლავის (გედის V404) ორმაგი სისტემის უცნაური დინამიკა. სხვა მბრუნავი შავი ხვრელებისგან განსხვავებით, რომლებიც დამუხტული ნაწილაკებს გამოტყორცნიან ვიწრო ჭავლების სახით ბრუნვის ღერძის გასწვრივ, ამ ობიექტის შემთხვევაში პლაზმის გამოტყორცნის მიმართულება მუდმივად იცვლება დროის მოკლე ინტერვალში. ეს სწრაფი ცვლილებები აიხსნა აკრეციული დისკოსა და შავი ხვრელის ბრუნვის ღერძებს შორის დახრით და ფარდობითობის ზოგადი თეორიის ლენზე-ტირინგის ეფექტით. დაკვირვებისთვის გამოყენებული იქნა კარიბის ზღვის კუნძულებიდან ჰავაიმდე გადაჭიმული აშშ-ს 10 რადიო ობსერვატორიის მონაცემები.
როგორც სტატიის მთავარი ავტორი, ასოცირებული პროფესორი James Miller-Jones რადიო ასტრონომიის საერთაშორისო ცენტრიდან (ICRAR) აცხადებს, ეს არის ყველაზე უჩვეულო შავი ხვრელი რაც კი მას აქამდე უნახავს.
„როგორც სხვა შავი ხვრლები, დამზერილი ობიექტიც იკვებება ირგვლივ მდებარე ვარსკვლავით და აყალიბებს მისგან აკრეციულ დისკოს, რომელსაც სპირალურად ითრევს გრავიტაციის გავლენით. ამ შემთხვევაში განსხვავებული არის ის, რომ აღნიშნული დისკოს და თვით შავი ხვრელის ბრუნვის ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა. შედეგად აკრეციული დისკოს შიდა ნაწილი პრეცესირებს და იწვევს გამოტყორცნილი ჯეტების მიმართულების ცვლილებას თავისი ბრუნვის ღერძის ორიენტაციის მიხედვით.“
შავი ხვრელისგან შემდგარი სისტემის მაღალი ნათობა გამოწვეულია აკრეციული დისკოს გაცხელებით, რომელიც წარმოიქმნება ჩვეულებრივი ვარსკვლავის მატერიით რომელიც შავ ხვრელში გადაედინება. ხშირ შემთხვევაში ასეთ სისტემებში დაიკვირვება ჯეტები - ნივთიერების ვიწრო ჭავლები, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით გამოედინება შავი ხვრელის პოლუსებიდან. ჭავლების მიმართულება როგორც წესი უცვლელია, ან ნელა იცვლება.
V404-ის შემთხვევაში შავი ხვრელის ბრუნვის ღერძი არ ემთხვევა აკრეციული დისკოს ბრუნვის ღერძს. ამის გამო დისკოს ცენტრში ხდება ბლითის ფორმის დახრილი ნაწილის ფორმირება. ეს ცენტრალური ობიექტი იბერება გადახურებისა და გამოსხივების წნევის გამო, თუმცა რჩება საკმაოდ მცირედ, რამდენიმე ათასი კილომეტრის სისქის, აკრეციულ დისკთან შედარებით, რომლის სისქე 10 მილიონ კილომეტრამდეა. რადგან ჯეტები შავი ხვრელის სიახლოვეს ფორმირდება, დახრილი შიდა ნაწილი იწყებს მათ გადამისამართებას სხვადასხვა მიმართულებით
V404-ის სიტემას აკვირდებოდნენ 2015 წელს, როცა მას აქტივობის ორი პერიოდი ჰქონდა, თითოეული დაახლოებით ერთკვირიანი. ჯეტების მიმართულებების სწრაფმა ცვალებადობამ მეცნიერებს აფიქრებინა V404-ის შესასწავლად განსხვავებული მიდგომა გამოეყენებინათ. ჩვეულებრივ, რადიო ტელესკოპები რამდენიმე საათიანი დაკვირვების შედეგად ქმნიან ერთ სურათს. აღნიშნული შავი ხვრელის ნაკადის მიმართულებები იმდენად სწრაფად იცვლებოდა, რომ პირველი სეანსისას გამოყენებული ოთხსაათიანი ექსპოზიციის შედეგად მეცნიერებმა მიიღეს გადღაბნილი სურათი. ამიტომ მკვლევარებმა მეორე სეანსისას გადაიღეს 103 სურათი, თითოეული დაახლოებით 70 წამიანი ექსპოზიციით. შემდეგ ეს სურათები შეაერთეს და წარმოადგინეს ფილმის სახით. ამ გზით მოხერხდა სწრაფი ცვლილებების დაფიქსირების, რამაც მეცნიერებს ჯეტების ანიმაციის მოდელირების საშუალება მისცათ.
მოვლენის ასახსნელად მეცნიერებმა შემოგვთავაზეს ლენზე-ტირინგის ეფექტი. ამ ფენომენს ადგილი აქვს მბრუნავი მასიური სხეულების შემთხვევაში, რომელსთაც შეუძლიათ ბრუნვით თვით დრო-სივრცე წაიყოლონ. ამის გამო ყველა ობიექტი მათ გარშემო ასევე იწყებენ იგივე მიმართულებით ბრუნვას.
სტატიის ერთ-ერთი თანაავტორის, დოქტორის Gemma Anderson (ICRAR) თქმით: „ყოველთვის, როცა შავი ხვრელის და მისი აკრეციული დისკოს ბრუნვის ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა, მატერიის შავ ხვრელში ჩადინებისას აუცილებლად დავინახავთ მსგავს ნათელ მოვლენებს“.
ვიდეო: https://vimeo.com...
წყარო: https://www.scien...111755.htm