ჟურნალმა Astrophysical Journal დასაბეჭდად მიიღო ამერიკელი და სამხრეთ კორეელი ასტრონომების სტატია, რომლებმაც ახალი კორეული რადიო ტელესკოპით მეშვეობით შეისწავლეს ძლიერი ვარსკვლავ-წარმოქმნის მქონე მოლეკულური ღრუბლები ირმის ნახტომის გარეუბანში.
ირმის ნახტომის შესწავლილი უბნის დასახელებაა CTB 102. იგი ჩვენგან დაახლოებით 14,000 სინათლის წლით არის დაშორებული და კლასიფიცირდება როგორც Hll რეგიონი, რაც ნიშნავს, რომ შეიცავს იონიზებულ-დამუხტულ-წყალბადის ატომებს. მოლეკულური ღრუბლების ეს რეგიონი ჩვენგან დაფარულია მტვრით და მისი სრულფასოვანი შესწავლა ხილულ სპექტრში ვერ ხერხდებოდა. ამიტომ მეცნიერებმა გამოიყენეს ინფრაწითელი და რადიო დაკვირვების მონაცემები.
ასტრონომებმა შექმნეს CTB 102 რეგიონის მაღალი გარჩევადობის რუქა ტაედუკუში (სამხრეთ კორეა) განთავსებული ახალი რადიო ობსერვატორიის გამოყენებით. რადიო დაკვირვებების შედეგები შემდგომ შედარებული იქნა არსებულ ინფრაწითელ მონაცემებს, რომლებიც მიღებული იყო Wide-Field Infrared Survey Explorer და Two Micron All Sky Survey პროექტების ფარგლებში.
დადგინდა, რომ CTB 102-ში, საშუალოდ ვარსკვლავის დაბადების ეფექტურობა 5%- 10% ფარგლებში მერყეობს, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკის სხვა მოლეკულური ღრუბლების შემთხვევაში. თუმცა მეცნიერებმა ღრუბლებში იპოვეს არე, სადაც ვარსკვლავის დაბადების ეფექტურობა 17% - 37% აღწევდა, რაც მოსალოდნელზე ბევრად მაღალი მაჩვენებელია. მკვლევარებმა ზუსტად არ იციან რატომ არის ეს ზონა ასე გამორჩეული. ამის გასარკვევად საჭიროა დამატებითი დაკვირვებები. მეცნიერთა სიტყვებით, მათმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორეული რადიო ობსერვატორია იდეალური ადგილია მსგავსი რეგიონების შესასწავლად.