NASA-ს პლანეტების მაძიებელი სატელიტის TESS (Transiting Exoplanets Survey Satellite) დახმარებით აღმოჩენილ იქნა დედამიწის ზომის პლანეტა (ე. წ. სუბ-ნეპტუნური კლასის). TESS-ი გაშვებული იქნა შარშან აპრილში და უკვე ‘მოინადირა’ თავისი პირველი პლანეტა. კოსმოსური ობსერვატორიის მიზანია იპოვოს პოტენციურად საინტერესო ობიექტები, რომლებსაც შემდეგ დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებით და ინსტრუმენტებით სწავლობენ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია პლანეტების საძიებელი სპექტროგრაფი (PFS), რომელიც განთავსებულია Carnegie's Las Campanas ობსერვატორიის (ჩილე) ტელესკოპზე Magellan II. ის გვეხმარება დავადასტუროთ TESS-ის შედეგები და გავზომოთ ახლად აღმოჩენილი სუბ-ნეპტუნური პლანეტის მასა.
PFS-ის ზომავს პლანეტის რადიალურ სიჩქარეს, რომლის დახმარებითაც შემდგომ ასტრონომები აფასებენ პლანეტის მასას. მასის ცოდნის გარეშე კი ძალიან ძნელია განვსაზღვროთ პლანეტის სიმკვრივე და მისი ქიმიური შემადგენლობა. PFS-ის მუშაობის პრინციპი იმაზეა დამყარებული, რომ არა მარტო ვარსკვლავის გრავიტაცია მოქმედებს პლანეტებზე, არამედ პლანეტებიც ახდენენ გრავიტაციულ ზეგავლენას თავიანთ ვარსკვლავზე. PFS სწორედ აფიქსირებს ვარსკვლავის პლანეტების ბრუნვით გამოწვეულ მცირე რხევას. იგი ერთადერთი ასეთი ინსტრუმენტია სამხრეთ ნახევარსფეროში და სწორედ ამიტომ არის TESS-ის მისიის მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ანალიზმა აჩვენა, რომ ახლად აღმოჩენილი სუბ-ნეპტუნისთვის (HD 21749b) ორბიტაზე სრულად შემოვლის დრო 36 დღეა, რაც TESS-ის მიერ აქამდე ნაპოვნ პლანეტებს შორის ყველაზე დიდია. ჩვეულებრივ TESS-ის მგრძნობელობის ფარგლებში დაკვირვებული პლანეტების პერიოდი 10 დღეზე ნაკლებია, ამიტომაც ამ კუთხითაც HD 21749b საკმაოდ გამორჩეულია. HD 21749b-ის ვარსკვლავის მასა მზის მასის 80 %-ის ტოლია და იგი ჩვენგან დაახლოებით 53 სინათლის წლითაა დაშორებული.
HD 21749b-ის აღმოაჩნდა დედამიწაზე 23-ჯერ მეტი მასა და 2.7-ჯერ დიდი რადიუსი. მისი სიმკვრივის შეფასება აჩვენებს, რომ პლანეტას საკმარისად დიდი ატმოსფერო გააჩნია, თუმცა ის არაა კლდოვანი პლანეტა. HD 21749b-ის მონაცემების ანალიზით ასტრონომები ცდილობენ გაიგონ უფრო მეტი ცივი სუბ-ნეპტუნური პლანეტების ატმოსფეროს შემადგენლობის და ევოლუციის შესახებ.
TESS-ის დაკვირვებებმა ასევე აჩვენა, რომ გრძელი პერიოდის მქონე სუბ-ნეპტუნი HD 21749b მარტო არაა საკუთარი ვარსკვლავის სისტემაში. იქ მდებარეობს მეორე პლანეტაც - HD 21749c, რომლის ორბიტალური პერიოდი 8 დღეა, მასა კი უფრო მცირე აქვს, დედამიწის ტოლი.
PFS-ის ჯგუფი განაგრძობს მონაცემების შეგროვებას, რათა უკეთ შეისწავლონ ეგზოპლანეტების მასა და შემადგენლობა, ვინაიდან ისინი საკმაოდ ბევრნი არიან ჩვენს გალაქტიკაში. მონაცემების საშუალებით შესაძლებელი გახდება მოხდეს ეგზოპლანეტების კლასიფიკაცია და მზის სისტემის სხვა პლანეტებთან მათი შედარება.
წყარო: