მეცნიერებმა იციან, რომ სამყაროში მატერიის 85 %-ს ფარული მატერია შეადგენს რომლის გრავიტიაციული ზემოქმედების წყალობით ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები არ იფანტებიან. მიუხედავად ამისა, სპეციალურ მიწისქვეშა და ამაჩქარებლების ექსპერიმენტებში ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა ფარული მატერიის ნაწილაკების დეტექტირება.
ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ შესაძლოა სწორი ყოფილიყო სტივენ ჰოკინგის 1974 წელს შემოთავაზებული მოდელი, რომლის ფარგლებში ფარული მატერია უკავშირდებოდა ე. წ. პირველად შავ ხვრელებს, რომლებიც დიდი აფეთქებისას წარმოიშვნენ.
საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა სცადა გრავიტაციული ლინზირების მეთოდის გამოყენებით ეპოვნა მსგავსი შავი ხვრელები ჩვენს გალაქტიკასა და ანდრომედას შორის.
გრავიტაციული ლინზირების მეთოდი პირველად შემოგვთავაზა ალბერტ აინშტაინმა. როდესაც რაიმე მასიური სხეული ექცევა შორეული სინათლის წყაროსა და დამკვირვებელს შორის მას შეუძლია სინათლის წყაროს გამოსახულება დაამახინჯოს, ანუ მოახდინოს მისი ლინზირება.
ლინზირებისთვის აუცილებელი რამდენიმე სხეულის ერთ ხაზზე განლაგება საკმაოდ იშვიათად ხდება და იმისათვის რომ ამ მოვლენას დააკვირდნენ მეცნიერებმა გამოიყენეს ტელესკოპ Subaru-ზე (ჰავაი) განთავსებული Hyper Suprime-კამერა, რომელსაც შეუძლია ერთ მაღალი გარჩევადობის ფოტოზე მოაქციოს მთლიანი ანდრომედა. გალაქტიკებს შორის მიკრო შავი ხვრელების არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ანდრომედას ვარსკვლავების სიკაშკაშის დროებითი ცვლილება. ერთ ღამეში მოხერხდა 190 სურათის გადაღება. ფარული მატერიის სიმკვრივის შესაბამისი, მთვარეზე მსუბუქი პირველადი შავი ხვრელების არსებობის შემთხვევაში მეცნიერები ელოდნენ დაახლოებით 1000 ლინზირების შემთხვევის დამზერას. თუმცა სათანადო ანალიზის შედეგად მხოლოდ ერთი საეჭვო შემთხვევა იქნა აღმოჩენილი. აქედან გამოდინარე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პირველადი შავი ხვრელები შესაძლოა შეადგენენ ფარული მატერიის მხოლოდ 0.1 % ს. შედეგების თანახმად ფარული მატერია არ შეიძლება შედგებოდეს პირველადი შავი ხვრელებისგან, რომელთა ზომა მილიმეტრის მეათედზე მცირეა.
წყარო: