მთვარის შიდა სტრუქტური შესახებ ცოტა რამეა ცნობილი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული ახლახან მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ. ისინი გერმანიაში 2016 წლიდან ატარებდნენ ექსპერიმენტებს, რომელთა შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალის Geochimica et Cosmochimica Acta-ს ბოლო ნომერში. კვლევების თანახმად, მთვარის ბირთვისა და მანტიის გარდამავალი ფენის ტემპერატურა დადგინდა 1300 - 1470 გრადუს ცელსიუსის დიაპაზონში.
"იმისათვის რომ უკეთესად გამოგვეკვლია მთვარის შიდა სტრუქტურა, ჩვენ გვჭირდებოდა უკეთესად აღგვეწერა თერმული დონეები" თქვა ანანია მალიკმა, როდ აილენდის უნივერსიტეტის (აშშ) ასისტენტ პროფესორმა. "ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ორი წერტილის ტემპერატურა - ზედაპირის, რომელიც Apollo-მ გაზომა და ბირთვი-მანტიის ფენის - რაც დაგვეხმარება ტემპერატურის განაწილების დასადგენად, იმისათვის რომ უკეთ შევისწავლოთ მთვარის სტრუქტურა და შემადგენლობა".
მთვარის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით -20 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. მალიკის მიხედვით მთვარეს, ისევე როგორც დედამიწას, რკინის ბირთვი აქვს. ხოლო ბირთვი-მანტიის ფენის 5 - 30 % თხევად მდგომარეობაშია.
ამაზე დაყრდნობით ბავარიის გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევების ინსტიტუტში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა მთვარეზე არსებული მასალის მსგავსი ნივთიერების მაღალი წნევით გათხევადების ექსპერიმენტები. მასალის 5 – 30 %-ის თხევად მდგომარეობაში გადასვლის შესაბამისი ტემპერატურის გაზომვით მოხდა მთვარის მანტიის ტემპერატურის შეფასება.
მთვარის შედგენილობა და სტრუქტურის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწის და მთვარის მატერია წარსულში ერთ სხეულს ქმნიდნენ და მთვარის უკეთესად ცოდნა დაგვეხმარება უკეთესად შევისწავლოთ დედამიწა.