ის რომ სამყარო აჩქარებულად ფართოვდება ასტრონომებმა ივარაუდეს ე. წ. სტანდარტული სანთლების (ისეთი ობიექტი კოსმოსში რომელამდე მანძილის გაზომვაც დიდი სიზუსტითაა შესაძლებელი) გამოსხივების ანალიზის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სტანდარტული სანთლის როლს ასრულებდა Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები (თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების აფეთქება ორმაგ ვარსკვლავურ სისტემებში). ასეთი ობიექტების სიკაშკაშის შედარებამ მათი სპექტრის დოპლერის ეფექტით გამოწვეული წითელ წანაცვლებასთან ასტრონომებს საშუალება მისცათ შეესწავლათ ხილული სამყაროს გაფართოების პარამეტრები. აღმოჩნდა, რომ უფრო შორეული „სანთლების“ სიკაშკაშე თანაბარი სიჩქარით სამყაროს გაფართოების დაშვებით გამოთვლილზე ნაკლები იყო. სამყაროს აჩქარებულად გაფართოების დაშვებამ კი გამოიწვია მოდელში ბნელი ენერგიის შემოტანის აუცილებლობა.
ნობელის ლაურიატების XX საუკუნის ბოლოს ჩატარებული ანალიზი ეყრდნობოდა დაახლოებით 60 Ia ზეახალის მონაცემებს. ამჟამად 1000-მდე ასეთი ობიექტია ცნობილი. ახალ ნაშრომში ავტორები იყენებენ 740 ზეახალის მონაცემებს. მათი სიკაშკაშე დატანილია გრაფიკზე სხვადასხვა ფერის წერტილების სახით გაზომვის შეცდომების არის გათვალისწინებით. ახალი მონაცემების გამოყენებით აღმოჩნდა, რომ სამყაროს აჩქარებული გაფართოების დაშვების (ლურჯი ხაზი გრაფიკზე) სტატისტიკური სანდოობა არ აღემატება 3σ სტანდარტულ გადახრას და შედეგებს უკეთესად აღწერს მოდელი ნულოვანი აჩქარებით (წითელი პუნქტირი გრაფიკზე). აღვნიშნოთ, რომ ნაწილაკების ფიზიკაში აღმოჩენა ფიქსირდება მხოლოდ 5σ გადახრის შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ახალხან LHC-ზე 3.4 σ სანდოობით 750 GeV მასის ნაწილაკის აღმოჩენასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს. დაახლოებით 500 სტატია დაიწერა ამ ჰიპოტეტური ნაწილაკის თვისებებთან დაკავშირებით, თუმცა მონაცემების 4-ჯერ გაზრდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა სტატისტიკურ შეცდომას.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სამყაროს აჩქარებული გაფართოებაზე სხვა ფაქტებიც მიგვითითებს, მაგალითად კოსმოსური ტელესკოპის Plank (ESA) მონაცემები CMB-ის ფლუქტუაციების შესახებ. მაგრამ ავტორების აზრით კოსმოლოგიური მოდელი ბნელი ენერგიის გარეშე არ ეწინააღმდეგება Plank-ის შედეგებს. საბოლოო დასკვნის გაკეთება მხოლოდ მეტი მონაცემების შეგროვებითაა შესაძლებელი. ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა მოხერხდება დაახლოებით 10 წლის შემდეგ როცა მწყობრში ჩადგება გიგანტური ტელესკოპი E-ELT (European Extremely Large Telescope), რომელზეც ნავარაუდევია წითელი წანაცვლების ზე-ზუსტი გაზომვები.
წყარო:
http://www.nature.com/articles/srep35596
http://phys.org/news/2016-10-universe-rateor.html