უნგრელ ექსპერიმენტატორთა ჯგუფმა 2015 წელს რადიოაქტიურ დაშლაზე დაკვირვებებისას შენიშნეს ანომალია, რომელზეც პასუხისმგებელი შესაძლოა ყოფილიყო აქამდე უცნობი მსუბუქი და უმუხტო ბოზონი. შედეგები გამოქვეყნდა პრე-პრინტში (https://arxiv.org...1504.01527), რომელშიც ლაპარაკი იყო ელექტრონზე 35-ჯერ მძიმე ახალ ურთიერთქმედების გადამტან ნაწილაკზე. ამ შედეგებს მაშინ დიდი ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა ახლახან აშშ-ს თეორიტიკოსთა ჯგუფმა აჩვენა, რომ მიღებული შედეგები არ ეწინააღმდეგებოდა სხვა ექსპერიმენტებს (http://arxiv.org/...1604.07411), რამაც გაამყარა იდეა ახალი ფუნდამენტური ურთიერთქმედების არსებობის შესახებ.
(ელექტრონ-პოზიტრონული სპექტრომეტრი, რომელიც ექსპერიმენტში გამოიყენებოდა)
უნგრელი ექსპერიმენტატორები თავიანთ ცდაში ლითიუმ 7-ის ატომებს უშენდნენ პროტონების ნაკადს, რის შედეგადაც ჩნდებოდა არასტაბილური ბერილიუმ-8. არასტაბილურობის გამო ის იშლებოდა და გამოიტყორცნებოდა ელექტრონ-პოზიტრონული წყვილი. სტანდარტული მოდელის თანახმად, ასეთი წყვილების რაოდენობა მკვეთრად უნდა მცირდებოდეს, გამოსულ ელექტრონსა და პოზიტრონს ტრაექტორიებს შორის კუთხის ზრდასთან ერთად. თუმცა ჯგუფმა შეამჩნია ანომალია - დაახლოებით 140 გრადუსზე ხდებოდა გამოტყორცნილ წყვილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც კუთხის შემდგომი გაზრდისას ისევ მცირდებოდა.
ჯგუფის ხელმძღვანელის, Attila Krasznahorkay-ს ვარაუდით ეს პიკი ნიშანია იმისა, რომ არასტაბილური ბერილიუმის იზოტოპი ზედმეტი ენერგიისაგან თავისუფლდება აქამდე უცნობი ნაწილაკის გამოტყორცნით, რომელიც შემდგომში ელექტრონ-პოზიტრონულ წყვილად იშლება. მონაცემთა დამუშავებით მიიღეს, რომ ამ ნაწილაკის მასა არის დაახლოებით 17 მევ. Krasznahorkay-ს თქმით, ექსპერიმენტი 3 წლის განმავლობაში ტარდებოდა, რის დროსაც ყველანაირად ცდილობდნენ ცდომილების შემცირებას, თუმცა ეს პიკი მაინც ჩნდებოდა.
დამატებითი ინფორმაცია:
http://www.nature...NNews_0216