Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, რომ NASA-ს კოსმოსური ტელესკოპების (Chandra, Hubble და Spitzer) მონაცემებზე დაყრდნობით და რიცხვითი სიმულაციებით იტალიელმა მკვლევარების ჯგუფმა მოახდინა ორი შორეული ძლიერი რენტგენის გამოსხივების წყაროს იდენტიფიცირება როგორც შავი ხვრელების ჩანასახები. ეს მასიური ობიექტები (100 000 მზის მასის რიგის მასით) დაიკვირვება დიდი აფეთქებიდან არაუმეტეს მილიარდი წლის შემდგომ და მათი შესწავლა შესაძლოა დაგვეხმაროს გადავჭრათ ადრეულ სამყაროში ზემასიური შავი ხვრელების არსებობის პრობლემა.
ამჟამად განიხილება ახალგაზრდა სამყაროში ზემასიური შავი ხვრელების გაჩენის ორი მოდელი. ერთი ვერსიით ზემასიური შავი ხვრელების გაზრდა მოხდა 10-100 მზის მასის მქონე შავი ხვრელებისგან, რომლებიც წარმოიქმნენ მასიური ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად. ამის შემდეგ კი ხდებოდა მათი ზრდა სხვა მსგავს შავ ხვრელებთან შერწყმით და ვარსკვლავთშორისო გაზის ჩაჭერით. თუმცა ზემასიური შავი ხვრელის ფორმირებისთვის სამყაროს გაჩენიდან 1 მილიარდ წლამდე პერიოდისთვის ეს პროცესები ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო, რისი მექანიზმიც ბუნდოვანია.
იტალიელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა ამყარებს მეორე მოდელს, რომლის თანახმადაც 100 000 მზის მასის ზემასიური შავი ხვრელების ჩამოყალიბება მოხდა პირდაპირ მასიური გაზის ღრუბლის კოლაფსის შედეგად. ამ შემთხვევაში შავი ხვრელის ზრდის პროცესი უფრო სწრაფი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელების ჩანასახების კანდიდატების პარამეტრები ემთხვევა თეორიულად ნაწინასწარმეტყველებს, მოდელის დადასტურებისთვის საჭიროა დამატებითი დაკვირვებები და სხვა კანდიდატების აღმოჩენა.