TRAPPIST-1 არის ძალიან ცივი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც ჩვენგან 40 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. იგი გაცილებით ცივი და წითელია, ვიდრე მზე და ოდნავ უფრო დიდი, ვიდრე იუპიტერი. მიუხედავად ჩვენთან სიახლოვისა, TRAPPIST-1 არის მეტისმეტად მკრთალი და წითელი იმისთვის, რომ შეუიარაღებელი თვალით, ან თუნდაც მოზრდილი სამოყვარულო ტელესკოპით, შევძლოთ მისი დანახვა.
ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ ცივი და მკრთალი TRAPPIST-1 პერიოდულად ბნელდებოდა, რაც დედამიწასა და ამ ვარსკვლავს შორის გარკვეული ობიექტების მოძრაობაზე მიუთითებდა. დეტალურმა ანალიზებმა აჩვენეს, რომ ეს ობიექტები სამი დედამიწის ზომის პლანეტები იყვნენ. TRAPPIST-1 მსგავსი ვარსკვლავები მრავლად გვხვდებიან ჩვენს გალაქტიკაში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ ორბიტაზე პლანეტები დაფიქსირდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი დედამიწის მსგავსი პლანეტების შესწავლა პატარა და ცივი ვარსკვლავების მახლობლობაში? ამის მიზეზია ჩვენი ტექნოლოგიების განვითარების დონე. ასტრონომები სიცოცხლის ნიშნებს ეგზოპლანეტებზე ეძებენ მათ ატმოსფეროში გამავალი დედა ვარსკვლავის სინათლის სპექტრის ანალიზით. ჩვეულებრივი ვარსკვლავების შემთხვევაში დედამიწის ზომის პლანეტებისთვის უმეტესწილად ეს ეფექტები გადაიფარება ვარსკვლავის სიკაშკაშით. მხოლოდ მკრთალი ცივი ჯუჯა ვარსკვლავის შემთხვევაში არის ატმოსფეროს ეფექტები საკმარისად დიდი, რომ შევძლოთ დაკვირვება ჩვენი ახლანდელი ტექნოლოგიებით.
აღმოჩენილი პლანეტებიდან ორის ორბიტალური პერიოდი აღმოჩნდა 1.5 და 2.4 დღე. მესამე პლანეტის პერიოდი ნაკლებად განსაზღვრულია - 4.5-დან 73 დღემდე. ასეთი მცირე პერიოდის მქონე პლანეტები 20-100-ჯერ ახლოს არიან თავიანთ ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზისგან. მიუხედავად ახლო ორბიტებისა, TRAPPIST-1-ის სიმკრთალის გამო, შიდა 2 პლანეტა იღებს მხოლოდ 2-ჯერ და 4-ჯერ მეტ გამოსხივებას, ვიდრე დედამიწა. ანუ ისინი მდბარეობენ სასიცოცხლო ზონაზე უფრო ახლოს, თუმცა შესაძლოა ზედაპირის გარკვეული ნაწილში მაინც არსებობდეს სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობები. ნაკლები ინფორმაცია არსებობს მესამე პლანეტის ორბიტაზე, თუმცა მეცნიერების აზრით, ის იღებს დედამიწაზე ნაკლებ გამოსხივებას და იქაც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლისთვის ვარგისი რეგიონები.
წყარო: