26 წლის წინ, 1990 წლის 24 აპრილს, შატლ Discovery-ის მიერ დედამიწის გარშემო ორბიტაზე გაყვანილი იქნა NASA-ს ყველაზე ცნობილი კოსმოსური ობსერვატორია Hubble, რომელიც კოსმოსს იკვლევს სინათლის ხილულ, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ დიაპაზონებში. ყოველ წელს, ამ დღის აღსანიშნავად NASA აქვეყნებს რომელიმე ასტრონომიული ობიექტის გასაოცარ სურათს. წელს დაკვირვების ობიექტი გახდა ბუშტის ნისლეული (NGC 7653 ან LBN 549) კასიოპეას თანავარსკვლავედში, რომელიც გიგანტურ საპნის ბუშტს მოგვაგონებს. ნისლეული ჩვენგან 8 000 სინათლის წლითაა დაშორებული და წარმოადგენს გაზის და მტვრის ღრუბელს, რომლის შიგნითაც ჩანს კაშკაშა ვარსკვლავი. იგი აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა 1787 წელს. ბუშტის ნისლეულმა ბევრჯერ 'მიიპყრო' Hubble-ს ყურადღება, მაგრამ დიდი ზომების გამო სურათებში მხოლოდ მისი გარკვეული ნაწილი ჩანდა. ახალი სურათი კი Hubble-ს ფართოფორმატიანი კამერით (Wide Field Camera 3) არის გადაღებული, რამაც საშუალება მოგვცა ეს ობიექტი მთლიანად დაგვენახა.
ბუშტის ნისლეულს აქვს თითქმის იდეალურად სფერული გარსი, რომელიც 100 000 კმ/სთ სიჩქარით ფართოვდება. ამჟამად მისი დიამეტრი 10 სინათლის წელიწადია. ბუშტის ფორმირებას უკავშირებენ ნისლეულის შიგნით მყოფი 10-20 მზის მასის მქონე ვარსკვლავის (SAO 20575) ქარის ზემოქმედებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბუშტის სიმეტრიულობისა, ვარსკვლავი SAO 20575 მის ცენტრში არ მდებარეობს (სურათზე ჩანს ბუშტის მარცხენა ზედა კუთხეში). ასტრონომები ცდილობენ გაარკვიონ რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლებოდა ასეთ პირობებში წარმოქმნილიყო სფერული ბუშტი.
ნისლეულის ძირითად ვარსკვლავს გარს არტყია კომეტური კვანძები, რომლებიც მზის სისტემაზე გაცილებით დიდი ზომისაა. ეს კვანძები შეიცავენ ნამგლისებრი ფორმის მტვრის სფეროებს გრძელი კუდით, რომლებსაც ანათებს და იონიზაციას უკეთებს SAO 20575. ამ კვანძებზე და თვითონ ნისლეულზე დაკვირვება ასტრონომებს ეხმარება რთული სისტემების გეომეტრიის და დინამიკის უკეთ შესწავლაში. ასე რომ, Hubble ყოველთვის გაცილებით მეტს გვაძლევს ვიდრე უბრალოდ ლამაზ სურათს.