2015 წლის ივნისში ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გადაარჩია სამი პროექტი რიგით მეოთხე საშუალო კლასის კოსმოსური მისიისათვის (M4). ესენია: ეგზოპლანეტები, პლაზმის ფიზიკა და რენტგენული სამყარო. ეს სამი პროქტი არჩეულ იქნა იმ 27 შეთავაზებიდან, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებამ წარადგინა ESA–ის მიერ შარშან გამოცხადებულ კონკურსზე. არჩეული სამი პროექტიდან ერთ-ერთის განხორციელება იგეგმება 2025 წლისთვის სამეცნიერო პროგრამა Cosmic Vision–ის ფარგლებში.
ESA–ის დირექტორის ალვარო ხიმენესის თქმით, სამივე პროექტი მიმართულია მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია სამყაროში ჩვენი ადგილის განსაზღვრასთან.
პროექტი Ariel (Atmospheric Remote-Sensing Infrared Exoplanet Large-survey) გულისხმობს 500 ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ანალიზს მათი ქიმიური შემადგენლობის და ფიზიკური პირობების დასადგენად. ეს შედეგები დაეხმარება მეცნიერებს უკეთესად გაიგონ პლანეტების ფორმირების პროცესები.
მისია Thor (Turbulence Heating Observer) შეეცდება გადაჭრას კოსმოსური პლაზმის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია პლაზმის გაცხელებასთან და შედეგად ენერგიის გაფანტვასთან. იგეგმება, რომ კოსმოსური აპარატი იბრუნებს დედამიწის გარშემო და დააკვირდება მზის ქარის და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების თავისებურებებს. ამ კვლევამ, ასევე, შეიძლება ნათელი მოჰფინოს ტურბულენტულ პირობებში პლაზმის ყოფაქცევის მექანიზმს, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად გავიგოთ პლანეტების და მათი მშობელი ვარსკვლავების ურთიერთქმედება.
მისია Xipe (X-ray Imaging Polarimetry Explorer) ანალიზს გაუკეთებს მაღალენერგიული წყაროებიდან (როგორებიცაა: ზეახალი, გალაქტიკური ჭავლი, შავი ხვრელი, ნეიტრონული ვარსკვლავი) წამოსულ რენტგენულ გამოსხივებას, რაც დაგვეხმარება ექსტრემალურ პირობებში მატერიის ყოფაქცევის გაგებაში. ეს იქნება პირველი ობსერვატორია, რომელიც მაღალი გარჩებადობით გაზომავს რენტგენული წყაროების პოლარიზაციას.
ESA–ს წინა სამი საშუალო კლასის კოსმოსური მისიის გამარჯვებული პროექტები (Solar Orbiter, Euclid და PLATO) უკვე ელოდება განხორციელებას 2018, 2020 და 2024 წლებში.
წყარო:
http://www.esa.int/Our_Activities/Space_Science/Three_candidates_for_ESA_s_next_medium-class_science_mission
http://www.astron...;news=7355