XX საუკუნის 90-იან წლებში დადგინდა, რომ სამყარო აჩქარებულად ფართოვდება. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ რას წარმოადგენს სამყაროს აჩქარების გამომწვევი სუბსტანცია, ე. წ. ბნელი ენერგია. ყველაზე გავრცელებული ვარაუდის თანახმად, ბნელი ენერგია სხვა არაფერია, თუ არა ელემენტარული ნაწილაკების თეორიის მიერ ნაწინასწარმეტყველები ვაკუუმის ენერგია. თუმცა ამ მოდელს აქვს პრობლემა, შეფასების თანახმად ვაკუუმის ენერგია 10120 ჯერ უნდა სჭარბობდეს იმ ენერგიას, რაც დაკვირვებადი აჩქარების ასახსნელადაა საჭირო.
ბოლო წლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ქართველი მეცნიერის გ. გაბადაძის ხელმძღვანელობით, წამოაყენეს ახალი იდეა ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. მათი მოდელის თანახმად ვაკუუმის ენერგიის დიდი ნაწილი ‘იჭმება’ გრავიტაციის გადამტანი ჰიპოთეზური ნაწილაკების - გრავიტონების მიერ. ამისათვის მათ ივარაუდეს, რომ გრავიტონებს აქვთ მცირე, თუმცა არა ნულოვანი მასა ( ̴ 10-33 ევ). რომ შევაფასოთ რამდენად მცირეა ეს მასა აღვნიშნოთ, რომ ამჟამად ცნობილი ყველაზე მსუბუქი ელემენტარული ნაწილაკის - ნეიტრინოს მასა არ აღემატება 0.28 ევ-ს. ფიზიკოსების უმრავლესობა გრავიტონებს უმასო ნაწილაკებად თვლიან, რადგან მასიური გრავიტონების მოდელებში, როგორც წესი, გვაქვს უარყოფით ენერგიების გაჩენასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა მოდელის ავტორებმა შემოგვთავაზეს რამდენიმე იდეა თუ როგორ მოვუაროთ ამ პრობლემასაც.
მასიური გრავიტონების მოდელის დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მისი შემოწმება შეიძლება მოხერხდება უახლოეს მომავალში. საქმე ისაა, რომ მოდელი წინასწარმეტყველებს ნიუტონის გრავიტაციის კანონიდან მცირე გადახრას. ეს გადახრა მთვარე-დედამიწა სისტემისთვის გამოიწვევს მთვარის ორბიტის პრეცესიის განსხვავებას 1012 რიგში, ხოლო ბოლოდროინდელ ექსპერიმენტებში ეს პრეცესია გაზომილი იქნა 1011 რიგში. ასეთი ფანტასტიკური სიზუსტე გრავიტაციული ექსპერიმენტებისთვის მიღწეული იქნა მთვარის ზედაპირზე ამერიკელი ასტრონავტების მიერ XX საუკუნის 70-იან წლებში დატოვებული სარკეებიდან არეკლილი ლაზერული სხივების ანალიზის მეშვეობით.
http://www.nature.com/news/fat-gravity-particle-gives-clues-to-dark-energy-1.13707