46-ე კონფერენციაზე მთვარესა და პლანეტარულ მეცნიერებებში, რომელიც 15-20 მარტს ჰიუსტონთან ახლოს (ტეხასი) გაიმართა, ერთ-ერთი მოხსენება ეძღვნებოდა NASA-ს კოსმოსური ზონდის MAVEN (Mars Atmosphere and Volatile Evolution) მიერ მარსის ატმოსფეროში გაურკვეველი წარმოშობის მტვრის ღრუბელის და პოლარული ნათების აღმოჩენას.
MAVEN-ის მიერ აღმოჩენილი მტვრის ღრუბელი, რომლის წყარო და ქიმიური შედგენილობა ჯერ-ჯერობით უცნობია, მდებარეობს მარსის ზედაპირიდან 150-300 კმ სიმაღლეზე. ღრუბელის ქვედა ფენები ამჟამად უფორ მკვრივია, თუმცა უცნობია იცვლება თუ არა მისი სტრუქტურა დროთა განმავლობაში. მეცნიერებს რამოდენიმე ჰიპოთეზა აქვთ ღრუბელის წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება ამ მტვრის მასას თვით მარსი აფრქვევდეს. სხვა ვერსიით იგი კომეტების და ასტეროიდების ნამტვრევებისგან შეიქმნა. არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს მტვერი მარსის ორი მთვარიდან (ფობოსი და დეიმოსი) ილექება.
რაც შეეხება პოლარულ ნათებას, იგი ზონდის მიერ დამზერილი იქნა მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2014 წლის დეკემბერში. მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება იმან გამოიწვია, რომ დედამიწისაგან განსხვავებით ნათება მარსის ატმოსფეროს საკმაოდ ღრმა ფენებში გვხვდება. გარდა ამისა ნათება არ იყო მიბმული რომელიმე გეოგრაფიულ განედს, მისი გამომწვევი დამუხტული ნაწილაკებს კი ბევრად უფრო დიდი ენერგია გააჩნდათ. მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მარსის სუსტი მაგნიტური ველი ვერ იცავს პლანეტას მზის ქარის ენერგიული დამუხტული ნაწილაკების ღრმა ატმოსფერულ ფენებში შეღწევისაგან.
MAVEN მარსის გარშემო მოძრაობს გაწელილ ელიპტურ ორბიტაზე და ყოველი ბრუნისას გაივლის მარსის ატმოსფეროს ზედა ფენებს. ზონდი ძირითადი მისიაა მარსის ატმოსფეროს მიერ გაზების, კერძოდ წყალბადის და ჟანგბადის, კარგვის სიჩქარის შეფასება. ეს საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ რა რაოდენობით წყლი დაკარგა და კარგავს მარსი. გარდა ამისა მეცნიერებს აინტერესებთ პლანეტის კლიმატი, რაც მნიშვნელოვანია მარსზე მომავლის პილოტირებული მისების ორგანიზების თვალსაზრისით.
MAVEN არის NASA-ს მეათე მარსული ზონდი. იგი გაშვებული იქნა 2013 წლის 18 ნოემბერს კანავერალის კონცხიდან Atlas V რაკეტის მეშვეობით, ხოლო მარსის ორბიტაზე გავიდა 2014 წლის 21 სექტემბერს. მისიის ხანგრძლივობა, რომელის ხარჯთაღრიცხვა 700 მილიონი დოლარია, მინიმუმ ერთი წლითაა დაგეგმილი.