როგორც ადრე ვიუწყებოდით 12 ნოემბერს ESA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Rosetta წარმატებით შეასრულა ისტორიული მისია - პირველად კაცობრიობის ისტორიაში დასვა მოდული Philae კომეტის 67Р/Churyumov–Gerasimenko ზედაპირზე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ Philae-ს დაშვების ადგილი საკმაოდ დიდი შვერილის ჩრდილშია მოქცეული, რამაც მოდულის მკვებავ მზის ელემენტებს პრობლემები შეუქმნა. 15 ნოემბერს Philae-ს ელემენტები საბოლოოდ განიმუხტა და ზონდი გაურკვეველი დროით ძილის რეჟიმში გადავიდა. თუმცა დაძინებამდე Philae-ემ მოასწრო დაგეგმილი სამუშაოების 80%-ის შესრულება, მათ შორის კომეტის ბურღვა და Rosetta-სთან ერთად მისი ბირთვის რადიო-სკანირება.
Philae-ზე განთავსებულმა გრუნტის მექანიკური და სითბური თვისებების შემსწავლელი ხელსაწყო MUPUS თერმულმა დეტექტორმა აჩვენა, რომ კომეტის ზედაპირი სწრაფად თბება და სწრაფადვე კარგავს სითბოს. ანუ კომეტა დაბალი სითბოგამტარობით ხასიათდება, რაც მის ფოროვან სტრუქტურაზე უნდა მიგვანიშნებდეს. თუმცა ზონდის SD2 ინსტრუმენტით გაბურღვის მცდელობამ მოულოდნელი შედეგი მოგვცა. ყველაზე მძლავრი რეჟიმითაც კი ვერ მოხერხდა კომეტის ზედაპირის გაბურღვა, ხოლო 7 წუთის შემდეგ პერფორატორი საერთოდ გატყდა. პერფორატორის სიმძლავრის გათვალიწინებით კომეტის ზედაპირის სიმკვრივე გრანიტთან შესადარი გამოდგა. კომეტის ზედაპირის თვისებებზე მეტი ინფორმაცია უნდა მოგვცეს Philae-ს მიერ აღებულმა ნიმუშების ანალიზმა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მომავალში მოხერხდება Philae-ს გამოღვიძება, რადგან ‘სეზონის ცვლილებამ’ შეიძლება გააუმჯობესოს ზონდის დაშვების ადგილის განათება, ხოლო 2015 წლის აგვისტოში მზესთან მიახლოებისას ყინულის აორთქლებამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს კომეტის ლანდშაფტი.