როგორც უკვე გაცნობეთ 12 ნოემბერს Churyumov–Gerasimenko-ს კომეტის ზედაპირზე დაშვებისას კოსმოსური ხომალდის Rosetta (ESA) დასაშვები მოდული Philae (რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 100 კგ-ს იწონიდა), კომეტის სუსტი გრავიტაციული ველის გამო, კომეტის ზედაპირიდან ორჯერ ახტა და საბოლოოდ მეცნიერების მიერ შერჩეული ზონიდან საკმაოდ მოშორებით დაეშვა. Philae-მ ვერ მოახერხა ზედაპირზე სპეციალური ჰარპუნების სიტემით მიმაგრება, უფრო მეტიც, მისი სამი ფეხიდან ერთ-ერთი არ ეყრდნობა კომეტის ზედაპირს, ანუ ზონდი რამოდენიმე გრადუსით დახრილია.
მეცნიერების ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ზონდი დიდი კლდის ჩრდილშია მოქცეული, რის შედეგადაც ყოველ 12 საათში ზონდის მზის ელემენტებს მზის სხივები მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში ეცემა. თუ არ მოხერხდა Philae-სთვის ადგილის შეცვლა მისი დენის წყარო უკვე 2 დღეში დაიცლება, გათვალისწინებული რამოდენიმე კვირის ნაცვლად. ამჟამად Philae-ზე განთავსებული 10 ხელსაწყოდან 8 გადმოსცემს ინფორმაციას დედამიწაზე და მეცნიერები ცდილობენ მოასწრონ ინფორმაციის მაქსიმუმის მიღება.
ამჟამად მიმდინარეობს ზონდის გადარჩენის ოპერაციის სტრატეგიის დაგეგმვა. Rosetta-ზე განთავსებული კამერით OSIRIS მეცნიერები ცდილობენ Philae-ს გარჩევას კომეტის ზედაპირზე, თუმცა ჯერ-ჯერობით წარუმატებლად (ზონდის გამოსახულება სურათზე მხოლოდ 3х3 პიქსელი უნდა იყოს). Philae-ზე განთავსებულ 4 ინსტრუმენტს პრინციპში ზონდის გადაადგილების უნარი შესწევთ. მაგალითად, ზედაპირის შემსწავლელ სენსორს MUPUS გააჩნია პატარა ჩაქუჩი, რომლის მოძრაობითაც შესაძლებელია ზონდს მიენიჭოს მცირე აჩქარება, რაც იმედი აქვთ, რომ საკმარისი აღმოჩნდება ზონდის მორიგი ახტომისთვის მცირე გრავიტაციის პირობებში. ასევე შესაძლებელია იმპროვიზირებული ‘ყავარჯნის’ გაკეთება ჰარპუნის და ბურღის გამოყენებით. გადარჩენის ოპერაციის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.