ლესტერის უნივერსიტეტის (University of Leicester, დიდი ბრიტანეთი) ასტროფიზიკოსებმა კოსმოსური რენტგენული ობსერვატორიის XMM-Newton (ESA) მეშვეობით აღმოაჩინეს რბილი რეტგენის გამოსხივება, რომლის წყარო შესაძლოა მზის ბირთვში დაბადებული აქსიონები იყვნენ, რომლებიც დედამიწის მაგნიტოსფეროში რენტგენულ ფოტონებად გარდაიქმნებიან.
სურათზე ნაჩვენებია მზიდან (ყვითელი) წამოსული აქსიონების (ცისფერი) გარდაქმნა რენტგენის გამოსხივებად (სტაფილოსფერი) დედამიწის მაგნიტურ ველში (წითელი).
ითვლება, რომ აქსიონი უნდა იშლებოდეს ორ ფოტონად. აქსიონების ფოტონებად დაშლის პარამეტრების შეფასებისას გამოყენებული იქნა ლესტერის უნივერსიტეტთან არსებული კოსმოსური კვლევების ცენტრის ყოფილი დირექტორის George Fraser-ის (რომელიც ამა წლის მარტში გარდაიცვალა) გამოთვლები.
აქსიონი არის ჰიპოტეტური ნაწილაკი, რომელიც თეორიულად შემოყვანილი იქნა კვანტურ ქრომოდინამიკაში ე.წ. ძლიერი CP-პრობლემის ასახსნელად. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად თეორიული შესაძლებლობისა, განსხვავებით სუსტი ურთიერთქმედებისა, ძლიერი ურთიერთქმედებით მიმდინარე რექციები სიმეტრიას ინარჩუნებენ არეკვლის (P-გარდაქმნა) და ნაწილაკების ანტინაწილაკებით შეცვლის (C-გარდაქმნა) ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში. ამ თვისების ასახსენალდ 1970-იანი წლების ბოლოს Roberto Peccei-იმ და Helen Quinn-მა იწინასწარმეტყველეს სპეციალური ნაწილაკის, აქსიონის, არსებობა. აქსიონის მასა ძალიან მცირე უნდა იყოს და ის თითქმის არ უნდა ურთიერთქმედებდეს ბარიონულ მატერიასთან. ეს უკანასკნელი თვისება კი აქსიონს აქცევს ბნელი მატერიის ერთ-ერთ კანდიდატად. ამჟამად ბნელი მატერიის ნაწილაკების ძიება მრავალ ლაბორატორიაში მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით წარუმატებლად.