ნახევარგამტარული ნათურების გამოყენება ამჟამად განათების ყველაზე ეკონომიურ მეთოდად ითვლება და ფართოდ გამოიყენება ტექნიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთი ნათურების პირველი ნიმუშები, ჯერ წითელი და შემდეგ მწვანე, შეიქმნა 1960-იანი წლებში. თუმცა იაფი ცისფერი ფოტო-დიოდის შექმნა დიდი ხანი ვერ ხერხდებოდა. სამი ძირითადი ფერის ფოტო დიოდის არსებობა კი აუცილებელი იყო ფერების სრული გამის მისაღებად. ცისფერი ფოტო-დიოდის გამოყენებით შესაძლებელია ნაკლებად ენერგიული წითელი და მწვანე ფერის მიღება. ჯერ ერთი ეს უფრო იაფია, და რაც მთავარია, ეს წყვეტს ფერის სტაბილურობის პრობლემას, რადგან სხვადასხვა ფერის დიოდები დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარად დეგრადირებენ.
სტანდარტული ფოტო-დიოდი შეიცავს ნახევარგამტარების 3 ფენას. ელექტრული დაძაბულობა აიძულებს ანოდის ელექტრონებს (n-ფენა) და ელექტროდის ‘ხვრელებს’ (p-ფენა) შევიდნენ და რეკომბინაცია განიცადონ გამყოფ ფენაში ფოტონების გამოსხივებით. გამყოფი ფენა წარმოადგენს სპეციალურ კრისტალს, რომელიც განსაზღვრავს გამოსხივების ფერს. ძირითად სირთულეს წარმოადგენდა კარგი თვისებების მქონე კრისტალის მოძებნა, რადგან ცისფერი ფოტონების ენერგია თითქმის ორჯერ მეტია წითელ ფოტონებთან შედარებით.
სხვადასხვა მცდელობების შემდეგ 1980-იან წლებში Isamu Akasaki და Hiroshi Amano-ს (ნაგოიას უნივერსიტეტი) მიერ შემოთავაზებული იქნა გალიუმის ნიტრიტის (მაგნიუმის მინარევებით) გამოყენება. 1989 წელს ამ იდეით დაინტერესდა Nichia Corporation თანამშრომელი Shuji Nakamura. მან გააუმჯობესა გამყოფი კრისტალის მიღების მეთოდები, არა მხოლოდ მაგნიუმის, არამედ თუთიის და ინდიუმის მინარევებით. Nichia Corporation-მა დააპატენტა ეს ტექნოლოგია და 1993 წლიდან დაიწყო ცისფერი ფოტო-დიოდების საწარმოო მასშტაბებით წარმოება. გამომგონებელსა და კომპანიას შორის დაიწყო სასამართლო გარჩევები, რის შედეგადაც Shuji Nakamura-მ მოახერხა 200 მილიონი დოლარის ჰონორარის მიღება. გარჩევების შემდეგ იგი სამუშაოდ უკვე კალიფორნიის უნივერსიტეტში (სანტა ბარბარა) გადავიდა.