მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ სატურნის თანამგზავრის, ენცელადის, ყინულოვანი გარსის ე.წ. "ვეფხვის ზოლები" (tiger stripes) ის ნაპრალებია, რომლებიდანაც დროდადრო ყინულის ქვევით არსებული თხევად ოკეანიდან გეიზერები იფრქვევა ხოლმე. ეს წყალი შემდგომ იყინება და წარმოქმნის სატურნის საიდუმლოებით მოცულ, ყინულის კრისტალებისგან აგებულ E რგოლს. რატომაა ენცელადი ასე აქტიური და როგორ ინარჩუნებს იგი თავისი ცენტრალური ნაწილის სიმხურვალეს, რომელიც საშუალებას აძლევს მას თხევადი ოკეანის არსებობისა, ამჟამად არაა ბოლომდე ნათელი. ენცელადას მსგავსი და მის მახლობლად ორბიტაზე მყოფი სატურნის კიდევ ერთი თანამგზავრი, მიმასი, სრულებით განსხვავებული, უსიცოცხლო ციური სხეულია.
როგორც ცნობილია ჯერ კიდევ გრძელდება სატურნის ხელოვნური თანამგზავრის Cassini-ის მისია, რომელიც დედამიწიდან 1997 წელს იქნა გაშვებული და სატურნს 2004 წელს მიაღწია. ბილო 10 წლის განმავლობაში Cassini-იმ სატურნის და მისი თანამგზავრების მრავალი ფოტო და სამეცნიერო მონაცემი მოგვაწოდა. იტალიელმა და ამერიკელმა ასტროფიზიკოსების ბოლო კვლევაც სწორედ Cassini-ის ენცელადასთან სამჯერ დაახლოებისას აღმოჩენილი ანომალიების დოპლერის ეფექტით ანალაზის ეხება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ენცელადის კვადრუპოლურ გრავიტაციულ ველს გააჩნია ჰემისფერული ასიმეტრია. მის სამხრეთ პოლუსის რეგიონში უარყოფით მასის მქონე ანომალიაა, რომელიც დიდწილად კომპენსირებულია ზედაპირს ქვეშ არსებული დადებითი ანომალიით. ეს ორი ანომალია ინტერპრეტირდება როგორც 30-40 კილომეტრის სიღრმეზე არსებული ზღვა, რომელიც ვრცელდება ენცელადას სამხრეთის განედის 50 გრადუსამდე. ამ აღმოჩენის კონტექსტში გამოითქვა მოსაზრება, რომ ენცელადი, შესაძლოა, მზის სისტემაში მიკრობული დონის სიცოცხლის არსებობის ალბათურობით ნომერ პირველი ციური სხეული იყოს.