სამყაროში ასეულობით მილიარდი გალაქტიკაა და ისინი სივრცეში ხანდახან კომპაქტურ ჯგუფებს ადგენენ. პირველი ასეთი ჯგუფი 1877 წელს მარსელის ობსერვატორიის ასტრონომმა ედუარდ ჟან-მარი სტეფანმა აღმოაჩინა და მას "სტეფანის კვინტეტი" (Stephan's Quintet) ეწოდება. NASA-ს 'დღის ასტრონომიული ფოტოს' რუბრიკაში 27 მარტს სწორედ გალაქტიკების ამ სისტემის ფოტო გამოაქვეყნა. სურათი წარმოადგენს კოსმოსური ტელეკოპის ჰაბლის მემკვიდრეობის არქივის (Hubble Legacy Archive) და მაუნა კეას მწვერვალზე (ჰავაი, აშშ) არსებული ობსერვატორიის ერთ-ერთი ტელესკოპის, ე.წ. სუბარუს ტელესკოპის (Subaru Telescope) მიერ მიღებული გამოსახულებების ზედდებას. საგულისხმოა, რომ ფოტოს ცენტრში აღბეჭდილი ხუთ გალაქტიკიდან ერთმანეთთან გრავიტაციულად შეკავშირებულ კომპაქტურ ჯგუფში მხოლოდ ოთხი შედის. ეს ოთხეული - NGC 7319, 7318A, 7318B, და 7317 - მასათა საერთო ცენტრის გარშემო რთულ მოძრაობას ასრულებენ. ისინი ჩვენგან დაახლოებით 300 მილიონი სინათლის წლით არიან დაშორებული. ერთმანეთს. ურთიერთქმედების გამო ამ ოთხი გალაქტიკის სპირალური შტოები დეფორმირებულია. ამთგან 7318A და 7318B ამჟამად ისე ახლოს არიან ერთმანეთთან რომ სურათზე მათი ბირთვები თითქმის ეხება. ურთიერთქმედი ოთხი გალაქტიკის დომინანტი ფერი მოყვითალოა. რაც შეეხება კვინტეტის ყველაზე დიდ გალაქტიკას, NGC7320, იგი მოცისფრო-მოლურჯო ფერისაა და გაცილებით უფრო ახლოსაა ჩვენგან, დაშორება "სულ რაღაც" 40 მილიონ სინათლის წელს შეადგენს. ამდენად, ეს გალაქტიკა ჩვენთვის ვიზუალურად კი ეკუთვნის "კვინტეტს" მაგრამ რეალურად არ ქმნის დანარჩენ ოთხ გალაქტიკასთან ფიზიკურად ბმულ სისტემას. საინტერესოა, რომ სურათზე მოხვდა კიდევ ერთი გალაქტიკა, ზედა მარცხენა კუთხეში მყოფი NGC7320C, რომელიც სტეფანის "ოთხეულის" მსგავსად ასევე 300 მილიონი წლითაა ჩვენგან დაშორებული. ასე რომ თუ ჩავთვლით, რომ იგი სტეფანის ჯგუფის ნაწილია, მაშინ გამოდის, რომ ეს მართლაც კვინტეტია და არა კვარტეტი. გალაქტიკათა ეს მშვენიერი ჯგუფი პეგასის თანავარსკვლავედშია და მისი ხაზოვანი ზომები დაახლოებით ნახევარ მილიონ სინათლის წელს შეადგენს.