წყლის მოლეკულების უმრავლესობა ჩვენ მზეზე ძველია, ისინი პირველი ვარსკვლავების ანთების შემდეგ წარმოიშვნენ. უძველესი ვარსკვლავებიდან დედამიწამ საჩუქრად მიიღო მსოფლიო ოკეანე, სხვა პლანეტებმა და თანამგზავრებმა კი მყინვარები და მიწისქვეშა ტბები.
1. დიდი აფეთქება
წყალბადი თითქმის ისეთივე ძველია როგორც ჩვენი სამყარო. მისი ატომები მაშინ გაჩნდნენ, როცა სამყაროს ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ პროტონებმა და ელექტრონებმა ერთად შეძლეს არსებობა. ამის შემდეგ 14.5 მილიარდი წელია წყალბადი ყველაზე გავრცელებულ ელემენტად რჩება, წყალბადის გაზი დღესაც ავსებს ჩვენ სამყაროს.
2011 წელს ასტრონომებმა პერსევსის თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს მზის ტიპის ვარსკვლავი რომელიც წყლის შადრევნებს გამოტყორცნის. ვარსკვლავის მაგნიტური ველი H20 მოლეკულების ორთქლს, რომელიც შემდგე წყლად კონდენსირდება, ტყვიაზე 80-ჯერ მეტი სიჩქარეს ანიჭებს. ალბათ სამყაროში წყლის ძირითადი წყარო სწორედ გაჩენის ეს მექანიზმია.
2. პირველი ვარსკვლავები
წყალბადის და ჰელიუმის ღრუბლების გრავიტაციული კოლაფსის შედეგად ჩამოყალიბდა პირველ ვარსკვლავები, რომელთა წიაღში დაიწყო თერმობირთვული სინთეზი და ჩამოყალიბდა ახალი ელემენტები, მათ შორის ჟანგბადი. ჟანგბადმა და წყალბადმა კი მოგვცეს წყალი, სავარაუდოდ 12.7 მილიარდი წლის წინ პირველი ვარსკვლავების გაჩენასთან ერთად.
2011 წელს ასტრონომებმა იპოვეს წყლის ყველაზე დიდი კოსმოსური რეზერვუარი ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებულ შავ ხვრელთან ახლოს. იქ წყლის რაოდენობა 140 ტრილიონჯერ აჭარბებს დედამიწის ყველა ოკეანის მასას. თუმცა მეცნიერებს დაინტერესდნენ არა იმდენად წყლის რაოდენობით, არამედ მისი ასაკით. ასეთ შორ მანძილზე წყლის არსებობა მიუთითებს, რომ წყალი ოდითგანვე ავსებდა ვარსკვლავთშორისო სივრცეს.
3. ვარსკვლავების ირგვლივ
წყალი, რომელიც წარმოიშვა ვარსკვლავების მშობელ გაზის ღრუბელში, გადავიდა პროტო-პლანეტარულ დისკოებში, შემდეგ კი პლანეტებსა და ასტეროიდებში. სიცოცხლის დასასრულს, მასიური ვარსკვლავები ფეთქდებიან, რის შემდეგაც ჩნდება წყლის შემცველი ნისლეულები, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან.
4. წყალი მზის სისტემაში
დედამიწა:
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დედამიწაზე წყლის ორი საცავია. პირველი არის ზედაპირზე - სითხის, ყინულის და აირის სახით. ამ წყლის წყაროდ მოიაზრება კომეტები და ასტეროიდები, რომლებიც ბომბავდნენ ახალგაზრდა დედამიწას 4.1 – 3.8 მილიარდი წლის წინ. წყლის მეორე რეზერვუარი მდებარეობს დედამიწის მანტიის ფენებში, ბმული სახით მინერალებში. ეს წყალი წარმოიშვა მზის პროტო ღრუბლებისგან ან ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებისას.
2011 წელს ამერიკელმა გეოლოგებმა ალმასში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით წყლის შემცველი მინერალი, რომელიც ჩამოყალიბდა დედამიწის სიღრმეში 600 კმ-ზე. 2015 წელს კი გეოლოგების სხვა ჯგუფი, სეისმურ მონაცემებზე დაყრდნობით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ სიღრმეზე დიდი რაოდენობით წყალია, იმდენივე რამდენიც მსოფლიო ოკეანეში.
მარსი:
მარსზე წყლის ძირითადი წყაროებია პოლარული ყინულის ქუდები, სეზონური ნაკადები, 1.5 კმ-ს სიღრმეში აღმოჩენილი დაახლოებით 20 კმ დიამეტრის მქონე მარილიანი წყლის ტბა.
ასტეროიდების სარტყელი:
წყალი ბმულ მდგომარეობაში სავარაუდოდ უნდა არსებობდეს ასტეროიდების მცირე ჯგუფებში და ასტეროიდების და კოიპერის სარტყლების С კლასის ასტეროიდებზე.
იუპიტერის თანამგზავრები:
ევროპა. თხევადი ოკეანე, ან მოძრავი ყინულის ფენა მყარი ყინულოვანი საფარის ქვეშ.
განიმედი. შესაძლებელია თხევადი ოკეანე, ან ყინულის და წყლის რამდენიმე შრის არსებობა ყინულოვანი საფარის ქვეშ.
კალისტო. ოკეანე 10 კმ ყინულოვანი საფარის ქვეშ.
სატურნის თანამგზავრები:
მიმასი. ბრუნვის თავისებურებები შესაძლოა ახსნილი იქნას, ან ყინულქვეშა ოკეანის არსებობით, ან არაწესიერი ბირთვის ქონით.
ენცელადა. 10 დან 40 კმ სისქის ყინულის ფენა, რომლის ნაპრალებიდან იფრქვევა გეიზერები. ყინულის ქვეშ მარილიანი თხევადი ოკეანე.
ტიტანი. ძალიან მარილიანი ოკეანე ზედაპირიდან 50 კმ სიღრმეზე, ან მარილიანი ერთიანი ყინული ზედაპირიდან ბირთვამდე.
ნეპტუნის თანამგზავრები:
ტრიტონი. ზედაპირზე წყლის და აზოტის ყინული და აზოტის გეიზერები. ყინულისქვეშ ნავარაუდევია წყლის და ამიაკის ხსნარის დიდი მასივის არსებობა.
პლუტონი:
თხევადი ოკეანეს არსებობამ გაყინული აზოტის, მეთანის და ნახშირორჟანგისქვეშ შეუძლია ახსნას ამ ჯუჯა პლანეტის ორბიტის განსაკუთრებულობები.
წყარო:
https://www.popmech.ru/science/468262-mokroe-mesto-otkuda-v-nashey-vselennoy-voda/?fbclid=IwAR0fZe84GNegZ3STlyHtyE7uzXjtDk19yilF2FsaCqqxHS93f-5EWqlPMFo