დედამიწის რეალური ზომის პირველი აღმომჩენის დიდება ეკუთვნის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ინტელექტუალს, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ერასტოთენე კირენაელს (Eratosthenes of Cyrene) (ძვ. წ. 276 – ძვ. წ. 194). ერასტოთენე ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ტიტანია: დიდი მათემატიკოსი, პოეტი, გეოგრაფი, ასტრონომი და მუსიკის თეორეტიკოსი. განუზომელია მისი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში: მან დაამკვიდრა პირველმა ტერმინი "ფილოლოგია", მანვე დაუდო დასაბამი გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების დარგს, შემოიყვანა მერიდიანების და პარალელების ცნება და ააგო დედამიწის პირველი რუკა; მასვე ეკუთვნის ნაკიან წელს დამატებითი დღის, 29 თებერვლის გამოგონება, მანვე გაზომა პირველმა, დიდი სიზუსტით, დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობა და პირველმავე მოგვცა დედამიწიდან მზემდე მანძილის პირველი შეფასება. ამ გასაოცარმა ადამიანმა სიცოცხლის დიდი ნაწილი ალექსანდრიის ლეგენდარული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოსტზე გაატარა, სადაც საყოველთაო ავტორიტეტით სარგებლობდა.
ერასტოთენეს მრავალ დიდ აღმოჩენას შორის არის ერთი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მოახერხა ჩვენი პლანეტის ზომის დადგენა, და მან ეს გააკეთა გენიალურად მარტივი დაკვირვების და გამოთვლის საფუძველზე. ერასტოთენემ ორი ეპოქალური მნიშვნელობის დაშვება გააკეთა: პირველი, რომ დედამიწა მრგვალია; მეორე, რომ მზე ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ მზიდან მომავალი სხივები დედამიწას თითქმის პარალელურად ეცემიან (იხ. ნახაზი). ერასტოთენემ იცოდა რომ ეგვიპტის ქალაქ სიენეში (Syene, ეხლანდელი Aswan, ასუანი), ზაფხულის მზებუდობის ჟამს, 21 ივნისს, შუადღით, მზე ზუსტად ზენიტში იდგა. ამ დროს იქ ღრმა ჭაში რომ ჩაგეხედათ მზის ანარეკლს ვერ დაინახავდით, ვინაიდან თქვენი თავის ჩრდილი ზუსტად დაფარავდა მზის ანარეკლს. ერასტოთენემ დადგინა რომ ზუსტად ამ დღეს და ამ დროს ალექსანდრიაში, რომელიც სიენედან ზუსტად ჩრდილოეთითაა, კუთხე ვერტიკალურ ჯოხსა და მის ჩრდილს შორის სრული წრის 1/50-ს შეადგენდა. ერასტოთენემ, როგორც ლეგენდა ამბობს (ამ ვიდეოში ამაზე საუბრობს ახალგაზრდა კარლ სეიგანი: https://www.youtube.com/watch?v=mUxmCXSmtVo&t=3m15s), სპეციალურად იქირავა ადამიანი და ზუსტად გაზომა მანძილი სიენედან ალექსანდრიამდე, რომელიც ხუთი ათასი სტადიას ტოლი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ელემენტარული გეომეტრიული პროპორციით, მან დაასკვნა რომ დედამიწის შემოწერილობა (სიენეზე და ალექსანდრიაზე გამავალი მერიდიანის სიგრძე) იყო 50-ჯერ მეტი, ანუ, 250 ათასი სტადიას ტოლი. როგორც უილიამ დანჰემი წერს თავის წიგნში (https://www.amazon.com/Journey-through-Genius-…/…/014014739X), თუ ამას მილებში გადავიყვანთ გამოვა 24,466 მილი, რაც საკმაოდ დიდი სიზუსტით ახლოა თანამედროვე საშუალებებით გაზომილ ზუსტ მნიშვნელობასთან (24,860 მილი, სიზუსტე ორ პროცენტზე ნაკლებია!). საინტერესოა რომ 2012 წელს ანტონი აბრეუ მორამ (Anthony Abreu Mora) გაიმეორა ერასტოთენეს გამოთვლა უფრო ზუსტი მონაცემების საფუძველზე (https://todaslascosasdeanthony.com/…/eratosthenes-earth-ci…/) და შედეგად მიიღო 40,074 კილომტრი, რაც მხოლოდ 66 კილომეტრით (0.16%-ით) განსხვავდება დედამიწის პოლარული მერიდიანის ზუსტი სიდიდისგან.
ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ერასტოთენეს სიკვდილიდან ჩვიდმეტი საუკუნის შემდეგ, როცა კოლუმბი თავისი პირველი მოგზაურობისთვის ემზადებოდა, იმდროინდელი გეოგრაფია ჯერ კიდევ ვერ ასულიყო ერასტოთენეს დონეზე. კოლუმბი, ეყრდნობოდა ტოსკანელის (http://www.newadvent.org/cathen/14786a.htm) რუკის მონაცემებს და თვლიდა, რომ დედამიწის გარშემოწერილობა ერთი მესამედით ნაკლები იყო ვიდრე ამას ამბობდა ერასტოთენე. კოლუმბი და ტოსკანელი ცდებოდნენ, მართალი იყო ერასტოთენე. ამიტომაც შეცდა კოლუმბი, როცა მან ახალი კონტინენტი აღმოაჩინა, მან ჩათვალა რომ აზიას მიაღწია, ვინაიდან მისთვის დედამიწა ბევრად უფრო “პატარა” იყო ვიდრე სინამდვილეში.
წყარო:
https://www.facebook.com/andria.rogava/posts/10212827584302714