შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
უძველესი ორნამენტები ქვაზე ძვ. წ. 10 950 წელს კომეტის ჩამოვარდნას ასახავს

მკვლევრებმა საბოლოოდ გაშიფრეს თურქეთის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში აღმოჩენილი სახელგანთქმული სიმბოლოები. გაირკვა, რომ ამბავი გამანადგურებელ კომეტას ეხება, რომელიც დედამიწას დაახლოებით 13 000 წლის წინ დაეცა.

იმ პერიოდის მზის სისტემის კომპიუტერული სიმულაციების შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიმბოლოები აღწერს ძვ. წ. დაახლოებით 10 950 წელს ჩამოვარდნილ კომეტას, რაც ზუსტად ემთხვევა მინი-გამყინვარების დასაწყისს, რომელმაც ცივილიზაცია სამარადისოდ შეცვალა.

ახალგაზრდა დრიასის სახელით ცნობილი ეს მცირე გამყინვარება 1000 წელს გაგრძელდა და კაცობრიობისათვის გადამწყვეტ პერიოდად მიიჩნევა, რადგან ეს ის ხანაა, როდესაც წარმოშვა სოფლის მეურნეობა და პირველი ნეოლითური ცივილიზაცია — სავარაუდოდ ახალი, უფრო ცივი კლიმატის საპასუხოდ. ამავე პერიოდში გადაშენდნენ გრძელბეწვიანი მამონტები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მინი-გამყინვარება კარგადაა შესწავლილი, ამ დრომდე უცნობია თუ ზუსტად რა გახდა მისი გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთი წამყვანი ჰიპოთეზა კომეტის ჩამოვარდნაა, თუმცა მეცნიერებმა იმ პერიოდის კომეტის ფიზიკური მტკიცებულების პოვნა ვერ შესძლეს.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, სამხრეთ თურქეთში, მსოფლიოს დღემდე ცნობილ უძველეს ტაძარ გიობეკლი-ტეპეში აღმოჩენილი სიმბოლოები დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ მცირე გამყინვარება კომეტამ გამოიწვია.

როგორც სიმბოლოების თარგმანიდან ირკვევა, გიობეკლი-ტეპე არა მხოლოდ უბრალოდ ტაძარი იყო, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ შესაძლოა ის უძველესი ობსერვატორიაც ყოფილიყო.

„როგორც ჩანს, გიობეკლი-ტეპე სრულიად სხვა რამ იყო — ობსერვატორია, საიდანაც ღამის ცას აკვირდებოდნენ“, — უთხრა Press Association-ს უფროსმა მკვლევარმა მარტინ სვიტმენმა.

„ერთ-ერთი სვეტი ამ გამანადგურებელი მოვლენის მემორიალი უნდა ყოფილიყო — სავარაუდოდ ისტორიაში ყველაზე საზარელი დღის, რომელიც დიდი გამყინვარების ხანის დასრულების შემდეგ დადგა“.

მიჩნეულია, რომ გიობეკლი-ტეპე ძვ. წ. დაახლოებით 9000 წელს აშენდა, სტოუნჰენჯამდე თითქმის 6 000 წლით ადრე, თუმცა სვეტზე არსებული სიმბოლოები ამ მოვლენას 2000 წლით უფრო ადრე მომხდარად ასახელებს.

ორნამენტები „ფასკუნჯის ქვის“ სახელით ცნობილ სვეტზე აღმოაჩინეს. ქვის გარშემო, ამოკვეთილია სხვადასხვა ცხოველები სპეციფიკურ პოზიციაში.

სიმბოლოები დიდხანს უჩენდა მეცნიერებს თავსატეხს, მაგრამ როგორც სვიტმენმა და მისმა ინჟინრების ჯგუფმა აღმოაჩინეს, სინამდვილეში ისინი ასტრონომიულ თანავარსკვლავედებს შეესაბამება და წარმოაჩენს კომეტათა გროვას, რომელიც დედამიწას ეცემა.

მკვლევართა აზრით, ქვაზე ამოტვირფრული უთავო ადამიანის გამოსახულება კატასტროფის შედეგად გამოწვეულ უბედურებას და უამრავი ადამიანის სიკვდილს განასახიერებს.
გიობეკლი-ტეპეს ორნამენტებს დიდი ხნის მოვლის კვალი ეტყობა. როგორც ჩანს, ადამიანები მასზე ათასობით წელიწადის მანძილზე ზრუნავდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ აღწერილი მოვლენა და მისი შედეგები დიდხანს, საუკუნეების მანძილზე გაჰყვა ცივილიზაციას.

იმის გასარკვევად, მართლაც დაეცა თუ არა კომეტა დედამიწას, მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს, რათა დაედგინათ დაემთხვეოდა თუ არა „ფასკუნჯის ქვაზე“ დატანილ ვარსკვლავთა ნიმუშები სპეციფიკურ თარიღს. აღმოჩნდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არსებული მოვლენა დაახლოებით ძვ. წ. 10 950 წელს უნდა მომხდარიყო; თარიღის ცდომილება 250 წელს შეადგენს.

მეცნიერთა აზრით, იმ მომენტისათვის ცა სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა:




ამ ორნამენტების დათარიღება ასევე ემთხვევა გრენლანდიიდან აღებულ ყინულთა გულის ასაკს, რაც მინი-გამყინვარების დაწყების თარიღად ძვ. წ. 10 890 წელს განსაზღვრავს.

სვიტმენის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც უძველესი არქეოლოგიური ნიმუშები ნათელს ჰფენს ცივილიზაციის წარსულის მრავალ დეტალს.

„პალეოლითის ხანის მღვიმის მხატვრობის მრავალი ნიმუში და არტეფაქტი, ცხოველთა მსგავსი სიმბოლოებითა თუ სხვა განმეორებადი ხასიათის სიმბოლოებით, გფაფიქრებინებს, რომ ასტრონომია შესაძლოა მართლაც ძალიან ძველი იყოს“, — უთხრა მან The Telegraph-ს.

„როგორც ასტრონომები ამბობენ, ეს გიგანტური კომეტა სავარაუდოდ მზის სისტემის შიდა ნაწილიდან მოვიდა 20-30 ათასი წლის წინ და ის ძალიან ხილვადი, ღამის ცის დომინანტი მახასიათებელი იყო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარაა, რომ უძველესი ხალხი მას სხვადასხვა ორნამენტებსა თუ კლდის მხატვრობაზე გამოსახავდა“.

კვლევა ჟურნალ Mediterranean Archaeology and Archaeometry-ში გამოქვეყნდა

მიხეილ ჭაბუკაშვილი, ადმინისტრატორი               (გამოქვეყნებულია 2017-04-26 23:25:00)

წყარო:
http://1tv.ge/ge/...58573.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.