1998-1999 წლებში მთვარის ორბიტაზე მუშაობდა NASA-ს თანამგზავრი Lunar Prospector (მთვარის გეოლოგი). მისი ერთ-ერთი ხელსაწყო აკვირდებოდა მთვარის ზედაპირიდან გამოტყორცნილ პროტონებს, დაბალი ენერგიის პროტონების დიდი ოდენობა მიანიშნებს წყალბადის დიდ კონცენტრაციაზე ზედაპირზე და მის ქვეშ. ამ მეთოდით დადგინდა, რომ მთვარის როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ პოლუსზე პოლარული ყინული წანაცვლებულია პოლუსების მიმართ. სხვა კოსმოსურ სხეულებზე ასეთი ანომალია არ შეიმჩნევა, როგორც წესი პოლარული ყინულის მდებარეობა ემთხვევა პოლუსის რეალურ მდებარეობას.
წელს ვუდლენდში (ტეხასი) მთვარისა და პლანეტარული მეცნიერებების კონფერენციაზე წარმოადგინეს იდეა რომელიც ხსნის ამ ანომალიას. მეცნიერების ჯგუფმა შენიშნა, რომ მთვარის როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული წანაცვლებულია სიმეტრიულად (ურთიერთ საწინააღმდეგო მიმართულებით) 5.5 გრადუსით. ამიტომ მათ ივარაუდეს, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ მთვარის ბრუნვის ღერძს ქონდათ 5.5 გრადუსით განსხვავებული მიმართულება. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა პოლარული ყინული, ხოლო შემდეგ ღერძმა წაინაცვლა.
მთვარის პოლუსის 5.5 გრადუსით წანაცვლების მიზეზი ვერ იქნებოდა რომელიმე ჩვენთვის ცნობილი ასტეროიდი, რადგან მათი ნაწილი შორსაა მთვარისგან, ხოლო მეორე ნაწილს არ აქვს საკმარისი მასა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთვარის პოლუსების წანაცვლების მიზეზი უნდა იყოს მთვარის ზედაპირზე არსებული ე. წ. "ცხელი ლაქა". ეს ლაქა მთვარის ზედაპირზე გაჩნდა 3.5 მილიარდი წლის წინ დიდი ოდენობით ლავის ამოფრქვევის შედეგად. ვულკანურ ჰიპოტეზას ამყარებს ის ფაქტი, რომ ლაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება რადიოაქტიური ელემენტების დიდი კონცენტრაცია. გამოითქვა ვარაუდი, რომ დიდი ხნის წინ, ამ ნივთიერებების მაღალი ტემპერატურის გამო, გამოყოფილმა სითბომ შეამცირა მიმდებარე რეგიონის სიმკვრივე, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მთვარის ღერძის გადახრა.
თუ ეს იდეს წორია, მაშინ მთვარეზე არსებული წყალი ისეთივე ძველია როგორც თავად მთვარე, ანუ უფრო ადრეულ ეპოქაში გაჩნდა ვიდრე ეს ეგონათ. აქამდე ფიქრობდნენ, რომ მთვარეზე წყალი მიიტანეს კომეტებმა, ან ის შეიქმნა მზის ქარების გამო მთვარის პროტონებით დაბომბვის შედეგად.