ანდრომედას გალაქტიკა მიეკუთვნება სპირალური გალაქტიკების ტიპს. იგი დედამიწიდან დაშორებულია დაახლოებით 2.5 მილიონი სინათლის წლით. სხვადასხვა კლასიფიკაციის მიხედვით მას ასევე იცნობენ როგორც M31, ან NGC 225-ს. ძველად მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც ანდრომედას დიდ ნისლეულს, რის გამოც მას შემორჩა ეს სახელი. სახელი დაკავშირებულია გალაქტიკის ანდრომედას თანავარსკვლავედში ყოფნასთან, რომელსაც თავის მხრივ ეს სახელი ბერძნული მითოლოგიური პრინცესა ანდრომედას საპატივცემულოდ ეწოდება.
ანდრომედას გალაქტიკა წარმოადგენს ჩვენს გალაქტიკასთან ყველაზე ახლო მდებარე სპირალურ გალაქტიკას. გალაქტიკების ლოკალურ ჯგუფში ირმის ნახტომისა და ანდრომედას გარდა შედის ე.წ. სამკუთხა გალაქტიკა (Triunglum Galaxy) და ასევე 30 სხვა პატარა გალაქტიკა.
2006 წლის დაკვირვებებმა Spitzer-ის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით აჩვენა, რომ ანდრომედა შეიცავს დაახლოებით 1 ტრილიონ ვარსკვლავს, რაც ორჯერ მეტია ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების რაოდენობაზე. ანდრომედას გალაქტიკის მასა შეფასებულია როგორც 7.1x 1011 მზის მასა. ასე, რომ ლოკალურ ჯგუფში ანდრომედა უდიდესია თავის ზომებით, მაგრამ არა მასისით. ბოლო დაკვირვებების მონაცემებით ჩვენი გალაქტიკა შეიცავს მეტ ფარულ მატერიას, რის გამოც ანდრომერდაზე უფრო მასიურია.
ანდრომედას გალაქტიკა წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე მნათობ ობიექტს ცაზე. რის გამოც მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია უმთვარო ღამის დროს, მაშინაც კი თუ დასახლებული პუნქტიდან შევხედავთ მას.
ანდრომედას გალაქტიკა ჩამოყალიბდა დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მრავალი პატარა პროტოგალაქტიკების შთანთქმის შედეგად. მათ შორის ყველაზე დიდად ითვლება 8 მილიარდი წლის წინ ‘გადაყლაპული’ გალაქტიკა.
ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომს 300 კილომეტრი წამში სიჩქარით უახლოვდება. ნავარაუდებია რომ ანდრომედა და ირმის ნახტომი ერთმანეთს დაახლოებით 3.75 მილიარდი წლის მერე შეეჯახებიან და გარკვეული დროის მერე ჩამოყალიბდება გიგანტური ელიფსური გალაქტიკა. ამ პროცესის დროს მზის სისტემის და დედამიწის მოსალოდნელი ბედისწერა ჯერ-ჯერობით უცნობია. თუ გალაქტიკები ერთმანეთს არ შეერწყმებიან, მაშინ დიდი შანსია, რომ მზის სისტემა გამოდევნილი იქნას ირმის ნახტომიდან ან შეუერთდეს ანდრომედას.