ალკუბიერეს ძრავა არის თეორიული იდეა, რომელიც რომელიც შემოთავაზებულია მექსიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის მიგელ ალკუბიერეს მიერ და დაფუძნებულია აინშტაინის განტოლებების ამონახსნზე (ალკუბიერეს მეტრიკა). ამ მოსაზრების თანახმად, უარყოფითი მასის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სინათლეზე სწრაფად მოძრაობა. იმის მაგივრად, რომ კოსმოსურმა ხომალდმა გადააჭარბოს სინათლის სიჩქარეს ათვლის საკუთარ სისტემაში, ხომალდი იმოძრავებს მის წინ სივრცის შეკუმშვით და მის უკან სივრცის გაფართოებით, რაც გამოიწვევს სინათლეზე სწრაფ მოძრაობას გარეშე დამკვირვებლისთვის.
ნორმალური დრო-სივრცის პირობებში, რაიმე ობიექტებს არ შეუძლიათ სინათლის სისწრაფემდე აჩქარება. ამის მაგივრად ალკუბიერეს მეტრიკის გამოყენებით ობიექტის გარშემო არსებული სივრცე ისე გადაადგილდება, რომ ეს ობიექტი დანიშნულების ადგილას ჩავა უფრო მალე ვიდრე სინათლე ნორმალური სივრცის შემთხვევაში. ალკუბიერეს მიერ შემოთავაზებული მეტრიკა მათემატიკურად ეთანხმება აინშტაინის ველის განტოლებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს მეტრიკა ფიზიკურად შესაძლებელია, ან ასეთი ძრავა სინამდვილეში შეიძლება აგებულ იქნეს. შემოთავაზებული მექანიზმი ითვალისწინებს ენერგიის უარყოფით სიმკვრივეს და შესაბამისად ითხოვს ეგზოტიკურ მატერიას. ამჟამად არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ასეთი მატერია არსებობს, თუმცა ზოგიერთი თეორიული მოდელი (რომლებიც განსხვავდებიან სტანდარტული მოდელისგან) მოითხოვს ასეთი მატერიის არსებობას.
1994 წელს მიგელ ალკუბიერემ შემოგვთავაზა მეთოდი, რომელიც შეეხებოდა სივრცის გეომეტრიის შეცვლას ტალღის შექმნის გზით და რომელიც კოსმოსური ხომალდის წინ სივრცეს შეკუმშავდა, ხოლო უკან კი გააიშვიათებდა. ეს ეფექტი აამოძრავებდა რეგიონს, რომელსაც გამრუდებული ბუშტი ეწოდება. ამ დროს თვით კოსმოსური ხომალდი არ იმოძრავებდა ბუშტის შიგნით, ამის ნაცვლად რეგიონი თვითონ გადაადგილდება. მოძრაობის ეს მეთოდი გამრუდებული ბუშტის შიგნით სინათლეზე სწრაფ მოძრაობას არ გულისხმობს, ობიექტები ბუშტის შიგნით არ მოძრაობენ (ლოკალურად) სინათლეზე სწრაფად. ალკუბიერეს მეტრიკის მათემატიკური ფორმულირება არ ეწინააღმდეგება ფარდობითობის თეორიის მტკიცებულებებს, კერძოდ კი იმას რომ არცერთ ობიექტს, რომელსაც აქვს მასა, არ შეუძლია სინათლის სისწრაფის განვითარება.
ალკუბიერეს ძრავა რჩება მხოლოდ კონცეფციად, რომელსაც როგორც ჩანს გადაუჭრელი პრობლემები ეღობება წინ:
-
იმ რაოდენობის ენერგია რაც საჭიროა ამ მიზნისათვის მეტად ძნელი მოსაპოვებელი იქნება;
-
არ არის ცნობილი არც გამრუდებული ბუშტის შექმნის და არც მისი დატოვების მეთოდი როცა კოსმოსური ხომალდი მიაღწევს დანიშნულების ადგილს;
-
დიდი სიძნელეები წარმოიშვება ამ სახის მოძრაობისთვის საჭირო ეგზოტიკური მატერიის რაოდენობასთან დაკავშირებით. იმ გამრუდებულ ბუშტს, რომელიც სინათლეზე ათჯერ სწრაფად იმოძრავებს, კედლების სისქე უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 10−32 მეტრისა. ეს კი პლანკის სიგრძესთან ახლოსაა, რომელიც 1.6 × 10−35 მეტრს შეადგენს. ის ბუშტი რომელიც 200 მეტრი ზომის მაკროსკოპულ ხომალდს დაიტევდა მოითხოვდა იმდენ ენერგიას რომელიც დაკვირვებადი სამყაროს მასაზე 10 მილიარდჯერ მეტი იქნებოდა. ეგზოტიკური მატერიის გაჭიმვა უკიდურესაც თხელ, 10−32 სისქის ლენტად ამჟამად მიჩნეულია შეუძლებლად.
ცოტა ხნის წინ შემოთავაზებული იქნა ალკუბიერეს მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი. მას გაცილებით ნაკლები ეგზოტიკური მატერია სჭირდება, მაგრამ ისიც მოითხოვს ხომალდის მოთავსებას გამრუდებულ დრო-სივრცის „ბოთლში“ რომლის ყელი 10−32 მეტრის ზომის იქნება.
ალკუბიერეს ძრავის ასაგებად შემოთავაზებულია ასევე ეგრეთ წოდებული კოსმოსური სიმები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ზოგიერთ კოსმოლოგიურ მოდელში. ისინი უნდა შეიცავდნენ ენერგიის მეტად დიდ სიმკვრივეს გრძელ, ვიწრო ზოლებში. მაგრამ ფიზიკურად ყველა შესაძლებელ კოსმოსურ სიმს აქვს ენერგიის დადებითი სიმკვრივე და არა უარყოფითი, რომელიც საჭიროა ალკუბიერეს მოდელში.
ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ ძალიან არარეალურია, რომ ვინმეს შეეძლოს ალკუბიერეს გამრუდებული ძრავის შექმნა კვანტური ეფექტების მიერ გამოწვეული ეგზოტიკური მატერიის გამოყენებით. 2012 წელს NASA-ამ გამოაცხადა, რომ მათ შექმნეს ინტერფერომეტრი, რომელსაც, როგორც ისინი აცხადებენ, შეუძლია აღმოაჩინოს სივრცე-დროის დამახინჯებები, რომელსაც წარმოშობს ალკუბიერეს ძრავი, თუ ის სადმე უკვე გამოიყენება კოსმოსში.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Alcubierre_drive