შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 321
ბოლო წევრი: Tako Tatiashvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ერთი სინათლის დღის მანძილზე
ერთი სინათლის დღის მანძილზე

NASA-ს კოსმოსური ზონდები Voyager 1 და Voyager 2 კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს რაკეტით Titan-III. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისინი ასეთ მანძილებს მიაღწევდნენ. თავდაპირველად მათი მისია მხოლოდ მზის სისტემის გარე პლანეტების რამდენიმე წლის განმავლობაში შესწავლით შემოიფარგლებოდა. ერთ წელზე ნაკლებ დროში კი ორივე „ვოიაჯერი“ კოსმოსში გაშვებიდან 50 წლის იუბილეს იზეიმებს.

1998 წლიდან Voyager 1 დედამიწიდან ყველაზე დაშორებული კოსმოსური აპარატის სტატუსს ინარჩუნებს და ამ მაჩვენებლით NASA-ს უფრო ადრეულ მისიას - Pioner-10-ს უსწრებს, რომელიც კოსმოსში 1972 წელს გაუშვეს. დაშორების მხრივ მეორე ადგილს კი Voyager 2 იკავებს.

2004 და 2007 წლებში „ვოიაჯერებმა“  გადალახეს ჰელიოსფერული დარტყმითი ტალღა — ზონა, სადაც მზის ქარის ნაკადის სიჩქარე, რომელიც გარშემომყოფ ვარსკვლავთშორის გარემოს ეჯახება, ზებგერითიდან ბგერით სიჩქარემდე მცირდება. ამის შემდეგ ზონდები ჰელიოსფერულ გარსში გადაადგილდებოდნენ, სადაც მზის ქარი თანდათან კარგავს სიჩქარეს და ტურბულენტური ხდება. შემდგომ ისინი მიუახლოვდნენ ჰელიოპაუზას — ჰელიოსფეროს საზღვარს, სადაც მზის ქარის სიჩქარის რადიალური კომპონენტი ნულამდე ეცემა. Voyager 1 ვარსკვლავთშორის სივრცეში 2012 წელს გავიდა, ხოლო Voyager 2 — 2018 წელს.

ამჟამად Voyager 1 მზის მიმართ 16,91 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობს. მისი ტრაექტორია ეკლიპტიკის სიბრტყიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 35 გრადუსით არის გადახრილი და დედამიწიდან რადიოკავშირისთვის იგი გველისმჭერის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. მასთან კავშირს ამყარებენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ორი სადგური რომლებიც მადრიდსა და აშშ-ში მდებარეობენ.

Voyager 2-ის სიჩქარე მზის მიმართ დაახლოებით 15,26 კილომეტრი წამშია, ხოლო მისი ტრაექტორიის დახრილობა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ დაახლოებით 48 გრადუსს შეადგენს სამხრეთის მიმართულებით. მასთან კავშირის დამყარება მხოლოდ NASA-ს კოსმოსური კავშირის ქსელის კანბერის სადგურის მეშვეობით არის შესაძლებელი, რადგან აპარატი სამხრეთ ცის ფარშევანგის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს.

აპარატებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ მზის სისტემის საზღვრებისთვის. ეს საზღვრები განისაზღვრება იმ სივრცით, სადაც ჩვენი ვარსკვლავის გრავიტაციული გავლენა სხვადასხვა სხეულის მოძრაობაზე უფრო ძლიერია, ვიდრე უახლოესი ვარსკვლავების გავლენა.

დაახლოებით 300 წლის შემდეგ Voyager 1 ოორტის ღრუბელს მიუახლოვდება — მცირე ზომის ყინულოვანი სხეულების გიგანტურ ერთობლიობას, რომელიც მზის სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ დარჩა და ხანგრძლივპერიოდიანი კომეტების წყაროს წარმოადგენს. გამოთვლების მიხედვით, ოორტის ღრუბლის შიდა საზღვარი მზიდან დაახლოებით 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობს (1 ასტრონომიული ერთეული დედამიწიდან მზემდე საშუალო მანძილის ტოლია) და შესაძლოა სპირალური ფორმა ჰქონდეს. მისი გარე საზღვარი კი ჩვენი ვარსკვლავიდან დაახლოებით 100 000 ასტრონომიულ ერთეულამდე ვრცელდება.

სწორედ ამის მიღმა იწყება გალაქტიკური სივრცე, სადაც სხვა ვარსკვლავების გრავიტაციული გავლენა მზის გავლენაზე უფრო ძლიერია. Voyager 1 ამ რეგიონს რამდენიმე ათეული ათასი წლის შემდეგ მიაღწევს. მზის სინათლეს კი ამ მანძილის დასაფარად დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდებათ. დაახლოებით 16 500–16 900 წლის შემდეგ Voyager 1 ცნობილი პროქსიმა კენტავრისგან დაახლოებით 3,49 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩნდება. ამჟამად ეს მზესთან უახლოესი ვარსკვლავია, რომლის გარშემოც სამი მცირე ეგზოპლანეტის კანდიდატია ცნობილი. 44 000 წლის შემდეგ ზონდი წითელ ჯუჯა ვარსკვლავ Gliese 445-ს 1,87 სინათლის წლის მანძილზე ჩაუვლის. ეს მანძილი დაახლოებით ორჯერ ნაკლები იქნება მის მზიდან დაშორებაზე. ხოლო 487 500 წლის შემდეგ აპარატი წითელ ჯუჯა ვარსკვლავ HD 28343-ს მიუახლოვდება და მათ შორის მანძილი 1,3 სინათლის წელი იქნება.

რაც შეეხება Voyager 2-ს, ის პროქსიმა კენტავრს დაახლოებით 2,83 სინათლის წლის მანძილზე ჩაუვლის, დაახლოებით 20 300 წლის შემდეგ. 42 000 წლის შემდეგ კი ზონდი წითელ ჯუჯა ვარსკვლავ Ross 248-ს 1,72 სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდება.

„ვოიაჯერების“ გაშვებამდე რამდენიმე წლით ადრე კოსმოსში გაგზავნილმა ზონდებმა Pioner -10-მა და Pioner -11-მა დედამიწასთან კავშირი ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაკარგეს. მიზეზი საკმაოდ მარტივია: მათ ნაკლები სიმძლავრის რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორები ჰქონდათ, რომლებიც უფრო მცირე რაოდენობის პლუტონიუმ-238-ს შეიცავდა, ვიდრე „ვოიაჯერებზე“ დამონტაჟებული გენერატორები.

მზის მიმართ მოძრაობის სიჩქარით „პიონერები“ ორივე „ვოიაჯერს“ ჩამორჩებიან. Pioner -10-ს პროქსიმა კენტავრთან მიახლოებამდე, რომლის მინიმალური მანძილი 3,3 სინათლის წელი იქნება, ჯერ კიდევ დაახლოებით 34 000 წელი აშორებს, ხოლო Pioner -11-ს — დაახლოებით 18 300 წელი.

საშუალოდ, ყოველ 50 000 წელიწადში ერთხელ რომელიმე „ვოიაჯერი“ შესაძლოა რომელიმე ვარსკვლავს 3,26 სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდეს. ვარსკვლავთან უშუალო შეჯახების ალბათობა იმდენად მცირეა, რომ ასეთი მოვლენა საშუალოდ 10²⁰ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ოთხივე ზონდი გალაქტიკის მოხეტიალეებად იქცევა, რომლებიც თან ატარებენ ცნობილ ოქროს ფირფიტებსა (რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულოა“ ჩაწერილი) და ალუმინის ფირფიტებზე დატანილ ინფორმაციას.

დროთა განმავლობაში აპარატები ნელ-ნელა ეროზიას განიცდიან კოსმოსური სხივების ზემოქმედებისა და ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრის ნაწილაკებთან შეჯახების შედეგად. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში „ვოიაჯერების“ მართვის ჯგუფის მთავარი ამოცანა კვლავ ბორტზე არსებული რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორების ხელმისაწვდომი სიმძლავრის სწორად განაწილებაა. ეს სიმძლავრე განუწყვეტლივ მცირდება პლუტონიუმ-238-ის დაშლის გამო. საშუალოდ, თითოეული აპარატი ყოველწლიურად დაახლოებით 4 ვატ სიმძლავრეს კარგავს.

ენერგიის დაზოგვის მიზნით მეცნიერებს დროდადრო სულ უფრო მეტი სამეცნიერო ხელსაწყოს გამორთვა უწევთ. ამჟამად Voyager 1-ზე ათი ხელსაწყოდან ჩართული მხოლოდ ორი დარჩა: მაგნიტომეტრი და პლაზმური ტალღების სენსორი. Voyager 2-ზე კი მუშაობას აგრძელებს სამი ხელსაწყო: მაგნიტომეტრი, პლაზმური ტალღების სენსორი და კოსმოსური სხივების დეტექტორი.

გარდა ამისა, მეცნიერებს უწევთ შეეგუონ აპარატიდან დედამიწამდე და უკან სიგნალის მოგზაურობის დროის ზრდას, საკომუნიკაციო სიხშირის მუდმივ ცვლილებას და ტექნიკური პრობლემების უწყვეტად გადაჭრას. ეს პრობლემები მოიცავს საკომუნიკაციო ბლოკების გაჭედვას, ბორტული კომპიუტერების მეხსიერების სეგმენტების დაზიანებას, საწვავის მილსადენების დაბინძურებასა და კავშირის მოულოდნელ დაკარგვას. მეცნიერების ძალისხმევის მიუხედავად, რამდენიმე წელიწადში ყველა სამეცნიერო ხელსაწყოს გამორთვა გახდება აუცილებელი. 2036 წლის შემდეგ კი ზონდების რადიოგადამცემების სიმძლავრე აღარ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული ანტენებით მათი სიგნალების მიღება მოხერხდეს. შესაძლებელია, კავშირი უფრო ადრეც დაიკარგოს — თუ აპარატები ჰიდრაზინის ტემპერატურას გაყინვის წერტილზე მაღლა ვეღარ შეინარჩუნებენ. ასეთ შემთხვევაში ანტენები დედამიწისკენ მიმართულებას დაკარგავენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ სამეცნიერო პროგრამის საბოლოო დასრულებას გამოაცხადებენ, მეცნიერები კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შეეცდებიან კავშირის აღდგენას ყველა ხელმისაწვდომი ანტენის გამოყენებით. თუმცა ამის გამო ზედმეტად არ უნდა დავმწუხრდეთ: ამჟამად განიხილება ახალი ზონდის, Interstellar Probe-ის შექმნის პროექტი, რომლის მიზანიც 50 წლის განმავლობაში მზიდან 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილის მიღწევაა.

მას შემდეგ, რაც მზის სისტემის გარე პლანეტების კვლევის პროგრამა დასრულდა, ორივე „ვოიაჯერ“-ის მთავარი სამეცნიერო ამოცანა ჰელიოსფეროს საზღვრების შესწავლა გახდა. ჰელიოსფერო ასტრასფეროს ერთ-ერთი კერძო შემთხვევაა. იგი წარმოადგენს ვარსკვლავის გარშემო არსებულ ერთგვარ გარსს, რომლის შიგნითაც დომინირებს ამ ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული ნაწილაკებისა და გამოსხივების ნაკადები.

ასტრასფეროების შესახებ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით და ჩვენი ცოდნა ძირითადად არაპირდაპირ მონაცემებს ეყრდნობა. მათი უშუალო დაკვირვება ასტრონომებმა მხოლოდ შედარებით ახლო წარსულში შეძლეს. სწორედ „ვოიაჯერები“ გახდნენ ჰელიოსფეროს გარე ნაწილის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მთავარი წყარო. ეს ინფორმაცია უნიკალურია, რადგან მანამდე ამ რეგიონის უშუალო დაკვირვებები არასოდეს განხორციელებულა. კერძოდ, აპარატებმა ჰელიოპაუზის სიახლოვეს მაგნიტური ველის უჩვეულოდ გლუვი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც კლასიკურ მოდელებს არ შეესაბამებოდა. გარდა ამისა, მათ საშუალება მოგვცეს, გამოგვეთვალა ჰელიოპაუზის საზღვრამდე მანძილი მზის მიმართ ორ სხვადასხვა მიმართულებაზე და შეგვესწავლა პლაზმის პარამეტრები როგორც ამ საზღვრის შიგნით, ისე მის გარეთ.

ჰელიოსფეროს მიღმა, სადაც უკვე ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლის გარემო დომინირებს, Voyager 1-მა პლაზმური ტალღების ახალი ტიპი და გალაქტიკური კოსმოსური სხივების განაწილების ანიზოტროპია აღმოაჩინა. გარდა ამისა, ორივე ზონდმა პერიოდულად დააფიქსირა დარტყმითი ფრონტები, რომლებიც მაგნიტური ველის დაძაბულობისა და გარემოს წნევის მკვეთრი ნახტომებით გამოიხატებოდა. მეცნიერები ამ მოვლენებს წარსულში მზის აქტივობის ეპიზოდებთან დაკავშირებული შეშფოთებების გავრცელებით ხსნიან მიმდებარე ვარსკვლავთშორის გარემოში.

„ვოიაჯერების“ მართვაზე პასუხს აგებს Jet Propulsion Laboratory (NASA) რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში მდებარეობს. კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Caltech) მომუშავე დაახლოებით ათეული ადამიანისგან შემდგარი ეს გუნდი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან მოსულ ადამიანებს აერთიანებს — სამხრეთ კორეიდან კოლუმბიამდე. ისინი სხვადასხვა რასას მიეკუთვნებიან, განსხვავებული აქცენტები და კანის ფერი აქვთ. თუმცა მათ ერთი უცვლელი თვისება აერთიანებთ — წარმოუდგენლად ძლიერი მისწრაფება, შეისწავლონ ის, რაც კაცობრიობას აქამდე არასოდეს დაუნახავს. ეს მისწრაფება მათ ჯერ კიდევ ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში გაუჩნდათ და მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განელებულა. ზოგიერთმა „ვოიაჯერების“ შესახებ ჟურნალ National Geographic-ში წაიკითხა, ზოგი კი ადამიანების მთვარეზე პირველი დაშვების ტელეტრანსლაციას ადევნებდა თვალს. „ვოიაჯერებზე“ მუშაობას ისინი დროს ეჯიბრებიან. როცა გუნდის წევრები პროექტში მოხვდნე, ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერები იყვნენ, შემდეგ ოჯახები შექმნეს და შვილები შეეძინათ, ხოლო „ვოიაჯერები“ გზას განაგრძობდნენ. გადიოდა წლები, მეცნიერებს თმა უთეთრდებოდათ, სახეებზე ნაოჭები უჩნდებოდათ, ზოგიერთი მათგანი კი, მაგალითად, ედ სტოუნი — პროექტის ყოფილი უცვლელი სამეცნიერო ხელმძღვანელი — უკვე გარდაიცვალა. ამ დროს კი „ვოიაჯერები“ კვლავ აგრძელებენ ფრენას და პროექტში ასტრონომთა ახალი თაობები ერთვებიან.

წყარო:

www.jpl.nasa.gov/news/nasas-voyager-1-makes-history-reaching-one-light-day-from-earth/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.