30 წლიანი დაგეგმვისა და დამტკიცების შემდეგ, 5 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში გაიმართა მსოფლიოში უდიდესი რადიო-ობსერვატორიის, Square Kilometer Array-ს (SKA) მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონიები. ორ კონტინენტზე განთავსდება გიგანტური ტელესკოპების მასივი მრავალი ანტენით, რომელთა სრული დაფარვის არეალი იქნება 1 კმ².
ტელესკოპის ავსტრალიური ნაწილი SKA-Low შედგენილი იქნება დაახლოებით 131,000 ანტენისგან (256 ანტენისგან შემდგარი 500-ზე მეტი მასივი) რომელთაგან თითოეული ორმეტრიანი მავთულის ნაძვის ხეს წააგავს. ამ ტელესკოპის სამუშაო დიაპაზონია 50-დან 350 MHz-მდე. მეორე ტელესკოპი SKA-Mid იმუშავებს კიდევ უფრო მაღალ სიხშირეებზე, 350 MHz-დან 15.4 GHz-მდე. იგი წარმოდგენილი იქნება უზარმაზარი თეფშებით (სულ 197 ანტენა), რომელიც დამონტაჟდება სამხრეთ აფრიკისა და მეზობელი პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე. ორივე ტელესკოპი იმუშავებს ინტერფერენციულ რეჟიმში, როგორც ერთიანი მოწყობილობა.
გეგმის მიხედვით, ობსერვატორიის პირველი ეტაპის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის მუშაობას დაიწყებს და დროდადრო დაიმატებს ახალ ანტენებს. მშენებლობის ეს ეტაპი 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს. მაგრამ ეს არ იქნება პროექტის დასასრული, საბოლოო მიზანია ავსტრალიაში ანტენების საერთო რაოდენობის მილიონამდე, ხოლო სამხრეთ აფრიკაში ათასამდე გაიზარდოს.
ობსერვატორია SKA-ს ამოქმედება ახალ დონეზე აიყვანს რადიო ასტრონომიას. მეცნიერებს საშუალება მიეცემათ გამოიკვლიონ ფარული მატერიისა და ბნელი ენერგიის საიდუმლოებები, ასევე შეისწავლონ სამყაროს ადრეული ეტაპები პირველი ვარსკვლავების დაბადებასა და სიკვდილზე დაკვირვებით, რათა გაიგონ, როგორ წარმოიქმნნენ გალაქტიკები. SKA-Low-ის მგრძნობელობა საშუალებას იძლევა ბევრად უკეთ შევისწავლოთ შორეული სამყარო, ხოლო SKA-Mid დეტალურად დაგვანახებს ახლო გალაქტიკებში გაზის ნაკადების და მათში ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესებს. ასტროფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალი ობსერვატორიის დახმარებით ისინი შეძლებენ არა მხოლოდ უპასუხონ უკვე დასმულ კითხვებს სამყაროს ევოლუციის შესახებ, არამედ დააკვირდნენ აქამდე უხილავ პროცესებსაც.
წყარო:
https://www.space.com/square-kilometer-array-observatory-construction-begins