რამდენიმე წლის წინ პორტსმუთის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარმა Melvin Vopson-მა გამოთქვა ვარაუდი, რომ ინფორმაცია სამყაროს ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკია და აქვს ფიზიკური მასა და რომ ყველა ელემენტარული ნაწილაკი ინახავს ინფორმაციას საკუთარ თავზე, ისევე, როგორც გვაქვს ადამიანის დნმ-ის შემთხვევაში. ამავდროულად ის ამტკიცებს, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ბნელი მატერია, რომელიც სამყაროს თითქმის მესამედს შეადგენს.
Melvin Vopson ამბობს: "ეს იქნება ახალი ‘ევრიკა’, რადგან ის შეცვლის ფიზიკას და გააფართოებს სამყაროს შესახებ ჩვენს გაგებას. ეს იდეა არ ეწინააღმდეგება ფიზიკის არსებულ კანონებს, არ ეწინააღმდეგება კვანტურ მექანიკას, ელექტროდინამიკას, თერმოდინამიკას ან კლასიკურ მექანიკას. ის ავსებს ფიზიკას რაღაც ახლითა და წარმოუდგენლად ამაღელვებლით."
ჟურნალ AIP Advances 2022 წლის მარტი ნომერში გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში, Melvin Vopson-მა შემოგვთავაზა მისი ინფორმაციული იდეის ექსპერიმენტული შემოწმების პროტოკოლი. დადასტურების შემთხვევაში ამ ექსპერიმენტს შეუძლია შეცვალოს თანამედროვე ფიზიკის გააზრება. აღმოჩნდება, რომ ინფორმაცია მატერიის მეხუთე ფორმაა, ისევე როგორც: მყარი, თხევადი, აირი და პლაზმა.
”თუ ვივარაუდებთ, რომ ინფორმაცია არის ფიზიკური და აქვს მასა, და რომ ელემენტარულ ნაწილაკებს აქვთ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ‘დნმ’, როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ ეს? ჩემი ბოლო ნაშრომი ეხება ამ თეორიების გამოცდას, რათა ისინი სერიოზულად იქნას მიღებული სამეცნიერო საზოგადოების მიერ“ - ამატებს Melvin Vopson-ი.
Melvin Vopson ახალ ნაშრომში გვთავაზობს ექსპერიმენტულ პროტოკოლს, თუ როგორ უნდა აღმოვაჩინოთ და გავზომოთ ელემენტარულ ნაწილაკების ინფორმაცია ნაწილაკ-ანტინაწილაკების შეჯახების გამოყენებით.
იგი ამბობს: ”ინფორმაცია ელექტრონში 22 მილიონჯერ მცირეა მის მასაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ინფორმაციის შინაარსი მისი წაშლით. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მატერიის ნაწილაკს ანტი-მატერიის ნაწილაკს ვაჯახებთ, ისინი ანადგურებენ ერთმანეთს. ამ დროს კი ნაწილაკების ინფორმაცია სადმე უნდა წავიდეს“.
სტანდარტული გაგებით ელექტრონ-პოზიტრონული ანიჰილაციის პროცესი გარდაქმნის ნაწილაკების მთელ მასას ენერგიად, როგორც წესი, გამა-კვანტებად. Melvin Vopson-ის აზრით კი, ინფორმაციის წაშლის შედეგად ასეთ ექსპერიმენტებში უნდა გაჩნდეს ორი დამატებითი დაბალი ენერგიის ინფრაწითელი ფოტონი.
კვლევაში Melvin Vopson პროგნოზირებს ინფორმაციული ინფრაწითელი ფოტონების ზუსტ ენერგიას (ოთახის ტემპერატურაზე ∼50 µm ტალღის სიგრძის შესაბამისი). იგი თვლის, რომ მისმა ნაშრომმა შეიძლება აჩვენოს, რომ ინფორმაცია სამყაროს ძირითადი კომპონენტია და ფიზიკის კვლევის ახალი სფერო შეიძლება აღმოჩნდეს.
სურათზე გამოსახულია პოზიტრონ-ელექტრონის სტანდარტული და ინფორმაციული ანიჰილაციის პროცესის დიაგრამული წარმოდგენა.
(ა) პოზიტრონი-ელექტრონის ანიჰილაციის სტანდარტული პროცესი, რომელიც წარმოქმნის მხოლოდ ორ 511 KeV გამა ფოტონს
(ბ) პოზიტრონ-ელექტრონის ანიჰილაციის პროცესი, რომელიც წარმოქმნის ორ 511 KeV გამა ფოტონს და ორ დამატებით დაბალი ენერგიის ფოტონს, მიღებულს ინფორმაციის წაშლით.
წყარო: