როგორც ვიუწყებოდით, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ტელესკოპი James Webb (NASA) კოსმოსში გაფრინდა 2021 წლის 25 დეკემბერს. მისიამ წარმატებით განახორციელა სამიდან ორი დაგეგმილი მანევრი და მიემართება თავისი საბოლოო განთავსების ადგილისკენ ლაგრანჟის L2 წერტილში, მთვარის ორბიტის მიღმა, სადაც უნდა იმუშაოს დაახლოებით ათი წელი. ამ 29 დღიანი გადაფრენის შემდეგ მოხდება ობსერვატორიის ძრავების უკანასკნელი, მესამედ ჩართვა და მისი ორბიტის საბოლოო კორექტირება.
ამჟამად მიმდინარეობს ტელესკოპის სხვადასხვა ხელსაწყოების მოყვანა სამუშაო რეჟიმში. 28 და 29 დეკემბერს გაიხსნა 1.2 მეტრიანი ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია, ხოლო 31 დეკემბრიდან 4 იანვარამდე მოხდა მზისგან დამცავი ეკრანების ხუთივე ფენის გაჭიმვა. 5 იანვარს განხორციელდა ნახშირბადის კომპოზიტისგან დამზადებული მეორადი სარკის სამი 7.7 მეტრიანი საყრდენის გაშლა სარკესთან ერთად. 74 სანტიმეტრი დიამეტრის მრგვალი ამობურცული მეორადი სარკე განთავსებულია ტელესკოპის მთავარი სარკის ფოკუსში და მისი ფუნქციაა მიღებული გამოსხივების გადამისამართება მესამე სარკეზე, სადაც მოხდება გამოსახულების ანალიზი.
8 იანვარს NASA-ამ გამოაცხადა, რომ James Webb კოსმოსური ტელესკოპის მთავარი 6.5 მეტრი დიამეტრის სარკეც წარმატებით გაიშალა. გახსნის ოპერაცია დაიწყო 7 იანვარს მარცხენა 3 სეგმენტის გახსნით. 8 იანვარ გაიხსნა მთავარი სარკის მარჯვენა 3 სეგმენტიც. როცა სარკე საკმარისად გაცივდება დაიწყება მისი ყველა 18 სეგმენტის მდებარეობის კორექცია მაქსიმალური გარჩევისუნარიანობის მისაღწევად.
წყარო: