სამყაროში ყველაზე დიდი ზომის ობიექტების კუთხური მომენტის არსებობის საკითხი ცუდადაა შესწავლილი. 2021 წლის 14 ივნისს ჟურნალში Nature Astromomy გამოქვეყნებულ სტატიაში, პოტსდამის ასტროფიზიკის ინსტიტუტის (გერმანია) ასტრონომების მიერ, ჩინელ და ესტონელ მეცნიერებთან თანამშრომლობით, განხილულია საკითხი ბრუნავენ თუ არა გალაქტიკური ფილამენტები - 160-260 მილიონი სინათლის წლის სიგრძის გალაქტიკებისგან შედგენილი სიმები. ფილამენტები ერთმანეთთან აკავშირებენ სფეროიდულ გალაქტიკურ კლასტერებს, ხოლო მათ შორის არის გიგანტური სიცარიელები, ე. წ. ვოიდები. ფილამენტებში არსებული გალაქტიკები მათ ბოლოებში არსებული დიდი გრავიტაციული მასის გავლენით გადაადგილდებიან ამ კლასტერებისაკე,
მკვლევარებმა გაანალიზეს გალაქტიკების მოძრაობა 17,000 ფილამენტში, მილიონობით გალაქტიკის წითელი წანაცვლების შესახებ სლოუნის პროგრამის (SDSS) ფარგლებში მიღებული მონაცემების გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ გალაქტიკებს გააჩნიათ სპირალური ტრაექტორია, ანუ ისინი ბრუნავენ სიმების ცენტრის გარშემო და ამავდროულად გადაადგილდებიან ფილამენტების გასწვრივ. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი კოსმოლოგიურ ობიექტებს არანულოვანი კუთხური მომენტი გააჩნიათ. თანაც რაც უფრო მასიურია კლასტერების ჰალო სიმების ბოლოში, მით უფრო მეტი ბრუნვაა აღმოჩენილი. ფილამენტის ცენტრის გარშემო გალაქტიკების ყველაზე მაღალი ბრუნვის სიჩქარე, რაც მეცნიერებმა დააფიქსირე, იყო დაახლოებით 100 კმ/წმ.
ფილამენტების დაგრეხვის მექანიზმი ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან ცნობილია, რომ ადრეულ სამყაროში გრიგალები არ არსებობდა. ანუ მეცნიერების აზრით კუთხური მომენტი უნდა გაჩენილიყო მოგვიანებით, ფილამენტების ჩამოყალიბების დროს.
წყარო: