მკვლევართა გუნდებმა როჩესტერის, ნიუ-იორკის და ლას-ვეგასის უნივერსიტეტებიდან, შესძლეს და შეამცირეს ის მინიმალური საჭირო წნევა, რომელიც ნივთიერებას ზეგამტარად აქცევს ოთახის ტემპერატურაზე. ჟურნალ Physical Review Letters მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ისინი მოგვითხრობენ გამოყენებულ მეთოდებსა და სამომავლო გეგმებზე.
მეცნიერები მრავალი წელია თავდაუზოგავად ცდილობენ ისეთი ნივთიერების შექმნას, რომელიც ზეგამტარულ თვისებებს ოთახის ტემპერატურაზე გამოავლენს. გასულ წელს შეიქმნა პირველი მსგავსი წყალბადით მდიდარი შენაერთი, რომელიც 267 გიგა-პასკალი წნევის ქვეშ ავლენს ზეგამტარულ თვისებებს. მიუხედავად ამ მეცნიერული გარღვევისა, მაღალი წნევების გამოყენება პრაქტიკაში რთულია. ამ პრობლემის გადასაჭრელად, იმავე გუნდის წევრებმა შემდეგი გამოსავალი მოძებნეს: საჭირო წნევის შესამცირებლად მათ წყალბადი ნახშირბადის და გოგირდის მაგივრად დაუკავშირეს იტრიუმს. თავად წყალბადის გამოყენების მიზეზი კი ის ფაქტი გახლდათ, რომ ნივთიერებები, რომლებიც წყალბადს შეიცავენ, შედარებით მაღალ ტემპერატურებზე ხდებიან ზეგამტარები.
ექსპერიმენტი მდგომარეობდა წნევის შექმნაში ორ ალმასის პირს შორის სადაც მოთავსებული იყო წყალბადის გაზი და იტრიუმის ნიმუში მყარ მდგომარეობაში. იტრიუმის ჟანგვის პრევენციისა და წყალბადის იტრიუმში შეყვანის კატალიზისთვის, ორი ნივთიერება განცალკევებული იყო პალადიუმის თხელი ფირფიტით. მიღებულმა ნაერთმა ზეგამტარული თვისებები 182 გიგა-პასკალზე გამოავლინა, რაც გაცილებით ნაკლებია ადრინდელ შედეგზე, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან დიდია პრაქტიკული გამოყენებისთვის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შედეგი ყურადსაღებია და გეგმავენ კვლევების გაგრძელებას ამ მიმართულებით, რათა სამომავლოდ მიიღონ პრაქტიკული ზეგამტარი ოთახის ტემპერატურაზე.
წყარო: