ანდრომედა (M31 მესიეს კატალოგის მიხედვით) არის დაახლოებით ირმის ნახტომის ზომის სპირალური გალაქტიკა, რომელიც ჩვენგან 2.5 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის იმდენად ახლოსაა ჩვენთან, რომ შეუიარაღებელი თვალით ანდრომედას გაზური ჰალოს დანახვა რომ შეგვეძლოს იგი ღამის ცაზე მთვარეზე დიდი ზომის იქნებოდა.
Astrophysical Journal-ის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, ამერიკელმა ასტრონომებმა Hubble კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით, ციური თაღის რუქაზე დაიტანეს ჩვენკენ მოძრავი ანდრომედას გალაქტიკის გაზური ჰალო, რომელიც წარმოადგენს მის გარშემო არსებული გაზის და პლაზმის გიგანტურ სფეროს. ჰალოს დანახვის სირთულე გამოწვეულია იმით, რომ მისი შემადგენელი ელემენტები არ ქმნიან ძლიერი გამოსხივების წყაროებს.
ანდრომედას ჰალოს სტრუქტურის შესწავლა მოხდა Project AMIGA-ს ფარგლებში გალაქტიკის უკან არსებული შორეული კვაზარების სინათლის ანალიზით. კვაზარები წარმოადგენენ აქტიური გალაქტიკების ძალიან კაშკაშა ბირთვებს, რომლებიც იდეალური წყაროებს წარმოადგენენ ჰალოების ‘გასაშუქებლად’. გალაქტიკების უმრავლესობა ფარავს 1-2 კვაზარს, მაშინ როცა ანდრომედას ჰალოში ჩანს 43 მათგანი. ბოლო შრომაში გაანალიზებული იქნა ყველას მონაცემები, მაშინ როცა წინამორბედ შრომებში შესწავლილი იყო მხოლოდ 6 კვაზარი. იმისდა მიხედვით თუ როგორ შთაინთქმება სხვადასხვა კვაზარების სინათლის ულტრაიისფერი ნაწილი მეცნიერები ადგენდნენ ანდრომედას ჰალოს სტრუქტურას.
აღმოჩნდა, რომ ანდრომედას დიფუზიური პლაზმის გარე ჰალო ჩვენკენ დაახლოებით 1.3, ხოლო ზოგიერთი მიმართულებით 2 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკის და ანდრომედას ჰალოები უკვე ერთმანეთს ეხება. შეფასებების თანახმად ამ ორი გალაქტიკის ცენტრალური ნაწილების შერწყმა დაახლოებით 4 მილიარდი წლის შემდეგ უნდა მოხდეს.
წყარო: