30 მაისს კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით კოსმოსში გაუშვეს Elon Musk-ის კომპანია SpaceX-ის ხომალდი Crew Dragon, კოსმონავტების კაფსულით Endeavour. 31 მაისს ხომალდი დაეწია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) და დაიწყო შეპირისპირების პროცედურები. ხომალდის ეკიპაჟის ორი წევრი Bob Behnken და Doug Hurley, სადგურიდან 220 მეტრის მანძილზე რამდენიმე წუთით გადაერთვნენ მექანიკურ მართვაზე, რის შემდეგაც უკვე ავტოპილოტით კაფსულა ფრთხილად დაუახლოვდა სადგურის ერთერთ მიმაგრების წერტილს Node 2. ხომალდის მიერთება ISS-თან მოხდა თბილისის დროით 18:16, რის შემდეგაც განხორციელდა ლუკების გახსნის თითქმის ორსაათიანი პროცედურა.
ეკიპაჟის დედამიწაზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. დაგეგმილია, რომ Behnken და Hurley კოსმოსურ სადგურზე 110 დღემდე დაჰყოფენ, რის შემდეგაც Endeavour-ის საშუალებით დაბრუნდებიან დედამიწაზე.
Crew Dragon უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში პირველი ამერიკული ხომალდია, რომელიც გაიგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მთლიანი მისია ასევე წარმოადგენს პირველ პილოტირებულ გაფრენას ეკიპაჟით, რომელიც შეიმუშავა და განახორციელა კერძო კომპანიამ.
Crew Dragon-ს ამჟამინდელი მისიის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფრენების უსაფრთხოების ჩვენება SpaceX-ის ხომალდებით. წარმატების შემთხვევაში SpaceX იქნება ერთერთი იმ ორი კომერციული კომპანიიდან (Boeing-თან ერთად), რომლის დახმარებითაც NASA-ს შეეძლება სრულად მოამარაგოს ISS ასტრონავტებით და გააძლიეროს სადგურის კვლევის პოტენციალი.
ამასთან SpaceX-ს შეეძლება გამოიყენოს Crew Dragon ე. წ. კოსმოსური ტურიზმისთვის. შეთანხმების მიხედვით კომპანიას შეეძლება უკვე მომავალ წელს 4-მდე ადამიანის 5 დღით კოსმოსში გაშვება. ბილეთის სავარაუდო ღირებულება ჯერ უცნობია.
გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ SpaceX შეუთანხმდა კოსმოსში მგზავრების გაშვებაზე კომპანია Axiom Space-ს, რომელიც ავითარებს ახალ კომერციულ მოდულს სადგურისთვის. ეს მისია უკვე იქნება 10-დღიანი მოგზაურობა სამი ასტრონავტისთვის, ისევ ხომალდ Crew Dragon-ის საშუალებით.
წყაროები:
https://www.space...ained.html
https://www.scien...-zmN0xscx4