ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ასტეროიდი სახელად 2019 MO პირველად შეამჩნიეს გასულ შაბათს, 22 ივნისს. „კოსმოსური სტუმარი“ მალევე ნაწილებად დაიშალა ატმოსფეროში და გაანათა ცა სან ხუანიდან (პუერტო რიკო) დაახლოებით 380 კილომეტრით სამხრეთით.
ეს შემთხვევა არის მეოთხე ისტორიაში, როდესაც მეცნიერებმა ასტეროიდი შეჯახების წინ შეამჩნიეს. დანარჩენი სამი შემთხვევა, 2008 TC3, 2014 AA და 2018 LA, მოხდა გასული 11 წლის განმავლობაში.
უკანასკნელი „კოსმოსური სტუმარი“ არ გამხდარა დაზიანების მიზეზი, მან დედამიწის ზედაპირამდე ვერ მიაღწია. თუმცა ამ 4 მეტრი სიგრძის ასტეროიდმა გამოიწვია ძლიერი აფეთქება ატმოსფეროში. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ მისი შემჩნევა კოსმოსში მყოფმა მეტეოროლოგიურმა თანამგზავრებმაც მოახერხეს. მათი მონაცემებით აფეთქების დროა 21:25 UTC, ხოლო ასტეროიდის ატმოსფეროში მოძრაობის სიჩქარე იყო დაახლოებით 41,9 კმ/წმ.
ის ფაქტი რომ მეცნიერებმა ასტეროიდის დარეგისტრირება შეძლეს მის აფეთქებამდე იმედის მომცემია. ამით კოსმოსის სკანირებისთვის განკუთვნილმა ორმა სპეციალურმა ტელესკოპმა ATLAS (Asteroid Terrestrial-impact Last Alert System) და Pan-STARRS (Panoramic Survey Telescope and Rapid Response System) პირველად გვაჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ დედამიწის მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილება ასტეროიდების ჩამოვარდნის შესახებ, რაც ასტეროიდის ვარდნის სავარაუდო ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის საკმარის დროს დაგვიტოვებს.
წყარო:
https://www.livescience.com/65810-car-size-asteroid-hits-earth.html