13 ივნისს arXiv.org-ზე გამოქვეყნდა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია ახალი ზემასიური ყავისფერი ჯუჯის აღმოჩენის შესახებ. ახლად დაფიქსირებული ყავისფერი ჯუჯა, EPIC 212036875 b, იუპიტერზე 50-ჯერ მძიმეა და ამ ტიპის დღემდე აღმოჩენილი ყველაზე მასიური ობიექტია.
ყავისფერი ჯუჯები პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის შუალედური ზომის ობიექტები არიან. ასტრონომები საზოგადოდ თანხმდებიან, რომ ისინი არიან სუბ-ვარსკვლავური ობიექტები რომლებიც მასურ დიაპაზონში იკავებენ 13-დან 80-მდე იუპიტერის მასებს. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებულ 2,000-ზე მეტ ყავისფერ ჯუჯას შორის მხოლოდ 400 ბრუნავს ვარსკვლავების გარშემო.
დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ 35-55 იუპიტერის მასის ყავისფერი ჯუჯები, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავის გარშემო შედარებით ახლო (3.0 AU-ზე ნაკლებ) მანძილზე ბრუნავენ, ძალიან იშვიათია. ამ ე. წ. "ყავისფერი ჯუჯების უდაბნოს" მუდმივად სწავლობენ ასტრონომები სხვდასხვა ტექნიკის გამოყენებით.
ახალ კვლევაში ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა იპოვა ახალი მასიური ყავისფერი ჯუჯა ამ უდაბნოში. ახალი ობიექტი, EPIC 212036875 b, აღმოჩნდა Kepler (NASA) კოსმოსური მისია K2-ის მონაცემებში (იხ. სურათი) და მეცნიერებმა დაადასტურეს მისი ბუნება დედამიწაზე მდგარი ტელესკოპების გამოყენებით. ამ აღმოჩენის დადასტურება თითქმის ერთდროულად მოხდა სხვადასხვა ასტრონომთა ჯგუფების მიერ.
კვლევის მიხედვით, EPIC 212036875 b იუპიტერზე 51-ჯერ მასიურია, მაგრამ დაახლოებით 17 %-ით პატარაა მასზე. ამ მონაცემებით, ყავისფერი ჯუჯას საშუალო სიმკვრივე მიახლოებით 108 გ/სმ3-ია.
EPIC 212036875 b თავის ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 5.17 დღეში მისგან დაახლოებით 0.06 AU მანძილზე. ეს შედეგები ადასტურებენ, რომ ახლადაღმოჩენილი ობიექტი არის ყავისფერი ჯუჯების უდაბნოს წარმომადგენელი. ასეთი ახლო ორბიტა მიგვანიშნებს, რომ ყავისფერი ჯუჯა უნდა იყოს შედარებით ცხელი - მისი წონასწორული ტემპერატურა შეფასებულია როგორც 1,450 K.
კვლევამ გამოავლინა, რომ შავი ჯუჯას მასპინძელი ვარსკვლავი, EPIC 212036875, წარმოადგენს F7 V სპექტრული ტიპის ვარსკვლავს, რომელიც სადღაც 41%-ით უფრო დიდი და 15%-ით უფრო მასიურია ჩვენს მზესთან შედარებით. მისი ასაკი დაახლოებით 5.1 მილიარდი წელია ხოლო ეფექტური ტემპერატურაა 6,230 K.
მკვლევრები ფიქრობენ EPIC 212036875 b-ის შესაძლო ფორმირებასა და ევოლუციაზე. ვარაუდობენ, რომ ეს ყავისფერი ჯუჯა უნდა ჩამოყალიბებულიყო პროტო-პლანეტარული გარე დისკოს გრავიტაციული არასტაბილურობების და ცენტრისკენ სწრაფი მიგრაციის შედეგად.