1960-იან წლებში, ფრიმენ დაისონმა და ნიკოლაი კარდაშევმა ხალხის ყურადღება მეტად საინტერესო იდეების წამოყენებით მიიქციეს. დაისონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გონიერ სახეობებს თავიანთი ვარსკვლავიდან ენერგიის გადმოსაქაჩად შესაძლოა შექმნილი ჰქონდეთ მეგასტრუქტურები, ხოლო კარდაშევმა შემოგვთავაზა სამდონიანი კლასიფიკაციის სისტემა განვითარებული არსებებისათვის, რომელიც დაფუძნებულია მათ შესაძლებლობაზე, გადმოქაჩონ თავიანთი პლანეტის (I), მზის სისტემისა (II) და გალაქტიკის (III) ენერგია.
ახლა უკვე გვაქვს ისეთი მისიები, რომლებითაც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ეგზოპლანეტები (კეპლერის კოსმოსური ობსერვატორია), ამიტომ მეცნიერები უკვე ეძებენ არამიწიერ ცივილიზაციათა მეგასტრუქტურების ნიშნებს. სამწუხაროდ, ამ იდეის მხარდასაჭერად არც ერთი მყარი არგუმენტი არ არსებობს.
ჩვენდა საბედნიეროდ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ოსმანოვის კვლევა სულ სხვანაირად გვანახებს იმას, თუ რატომ არის ეს მეგასტრუქტურები აღმოსაჩენად ასე მოუხელთებელი.
მართალია, ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ უცხო ცივილიზაციების მეგასტრუქტურების იდეას იგივე პრობლემა აქვს, რაც არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების პოვნას ჩვენს სამყაროში. თუ გონიერი სიცოცხლე არსებობს, რატომ ვერ ვპოულობთ მას? ეს პარადოქსი ენრიკო ფერმიმ 1950-იანებში წამოაყენა.
მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში, ასტრონომთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ტაბის ვარსკვლავის (KIC 8462852) სიახლოვეში გაკეთებული მათი აღმოჩენა შესაძლოა უცხო ცივილიზაციის მეგასტრუქტურების ნიშანი ყოფილიყო. თუმცა, მათ სწრაფად აღმოაჩინეს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც ამ ვარსკვლავის უცნაურ დაბნელებებს ხსნიდა — მაგალითად, ერთ-ერთი ვარაუდით, ამ ვარსკვლავს შესაძლოა წარსულში პლანეტა ჰქონდეს „შეჭმული“.
ოსმანოვის აზრით, პრობლემა არასწორ ადგილებში ძებნაშია. გასულ წელს, მან დაწერა კვლევითი ნაშრომი, რომელშიც აღნიშნავს, რომ უცხო სუპერცივილიზაცია — რომელიც კარდაშევის II დონის შესაბამისია — ალბათ გამოიყენებს რგოლის მსგავს მეგასტრუქტურებს პულსარის ენერგიის გადმოსაქაჩად. ეს „დაისონის სფეროს“ ტრადიციული კონცეპტის საპირისპიროა, რომელიც სფეროსებრი გარსებისგან შედგება. პულსარი წარმოადგენს ჩამქრალი ვარსკვლავის სახეობას, რომელიც ძალიან სწრაფად ბრუნავს და ასხივებს დიამეტრულად საპირისპირო მიმართულებით მხოლოდ განსაზღვრული ვიწრო კონების სახით.
ოსმანოვმა შეაფასა მეგასტრუქტურების პარამეტრები, რაც პულსარის ბრუნვით სიჩქარეზეა დამოკიდებული. მისი ბოლო კვლევის თანახმად, რომლის სათაურია „არის თუ არა პულსარების გარშემო დაისონის რგოლები დაკვირვებადი?“ — უცხო ცივილიზაციების მეგასტრუქტურების დაფიქსირება პრინციპულ პრობლემას არ წარმოადგენს.
კონკრეტულად, მან განმარტა თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ხელსაწყოებით უცხო ცივილიზაციების მეგასტრუქტურების დაფიქსირება ინფრაწითელ სპექტრში და შეაფასა ის მაქსიმალური მანძილები, საიდანაც სტრუქტურები ჯერ კიდევ გამოჩნდებიან ტელესკოპების მეშვეობით. ოსმანოვს მიაჩნია, რომ მათი დაფიქსირება შესაძლებელი იქნება ამჟამად არსებული ინსტრუმენტებით.
პროფესორის აზრით, ეს დამოკიდებულია სტრუქტურის დიამეტრზე, რომელიც, თავის მხრივ, იმ პულსარის თვისებებზეა დამოკიდებული, რომლის გარშემოც ის ბრუნავს. როგორც ოსმანოვი თავის ნაშრომში აცხადებს:
„რამდენიმე წლით ადრე, სანამ კარდაშევი თავის ნაშრომს გამოაქვეყნებდა, გამოჩენილმა ფიზიკოსმა, ფრიმენ დაისონმა წამოაყენა იდეა, რომ თუ ასეთი ზეგანვითარებული (კარდაშევის ტერმინოლოგიით, II დონე) არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს, ენერგიის მოხმარების ზრდადი ეფექტურობისათვის, ისინი თავიანთი ვარსკვლავის გარშემო ააგებენ 1 ასტრონომიული ერთეულის რადიუსიან თხელ სფეროსებრ გარსებს (დაისონი 1960). გამოთვლების თანახმად, ასეთ მანძილებზე სფერო ე. წ. სასიცოცხლო ზონაში იქნება და აქედან გამომდინარე, სფეროს ტემპერატურა (200 – 300) K-ის რიგის იქნება; შედეგად, ამ ობიექტის დანახვა ინფრაწითელ სპექტრში იქნება შესაძლებელი“.
ამ იდეის პულსარებზე განვრცობით, ოსმანოვმა გამოთვალა, რომ შედარებით ნელა მბრუნავი პულსარის (ერთი წამის პერიოდის რიგით) გარშემო სასიცოცხლო ზონა 0,1 ასტრონომიული ერთეულთ იქნება დაშორებული. მისი გამოთვლების თანახმად, რგოლის მსგავსმა მეგასტრუქტურამ, რომელიც პულსარის გარშემო ამ მანძილზე ბრუნავს, უნდა გამოასხივოს 390K (116,85 °C) ტემპერატურის შესაბამის სპექტრში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგასტრუქტურის დანახვა ინფრაწითელ დიაპაზონში სრულიად შესაძლებელია.
აქედან გამომდინარე, ოსმანოვი ასკვნის, რომ თანამედროვე ინფრაწითელ ტელესკოპებს, როგორებიცაა Very Large Telescope Interferometer (VLTI) და Wide-field Infrared Survey Explorer (WISE), აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, რათა განახორციელონ ჩვენთან ახლოს მდებარე პულსარების მონიტორინგი უცხო ცივილიზაციების მეგასტრუქტურების ნიშნების საძიებლად. ოსმანოვის თქმით, VLTI-ს ეფექტური დიაპაზონი 200 პარსეკამდეა (~652 სინათლის წელიწადი), ხოლო WISE-ს კი ერთი რიგით მეტი.
„როგორც ვხედავთ, ინფრაწითელი რგოლების კვლევა საკმაოდ პერსპექტიულია 0,2 კილოპარსკეამდე, სადაც ინფრაწითელი ინსტრუმენტებით შეგვიძლია დავაკვირდეთ პოტენციურად 64 ± 21 პულსარს. შორეული პულსარების დაკვირვება (1 კილოპარსეკამდე) შესამჩნევად გაზრდის პოტენციური ობიექტების მთლიან რიცხვს — 1600 ± 530-მდე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ინფრაწითელი ობიექტი წერტილოვნად გამოჩნდება და პულსართან იდენტიფიკაციისთვის საჭიროა ულტრაიისფერ დიაპაზონში მომუშავე ინსტრუმენტები, თუმცა დღეს არსებულთაგან არც ერთი არ ფლობს საჭირო სიზუსტეს“, — ამბობს ზაზა ოსმანოვი
მიუხედავად იმისა, რომ დიაპაზონი შეზღუდულია, ამ ჰიპოთეზის გატესტვის შესაძლებლობები შეუძლებელი სულაც არაა. დღეს არსებული ინფრაწითელი ტელესკოპებითა და მომავალი თაობის ჯეიმს ვების ტელესკოპით, შესაძლებელია გარკვეული კვლევის ჩატარება, რათა რამე ღირებული ინფორმაცია მივიღოთ.
უცხო ცივილიზაციების მეგასტრუქტურების კონცეფცია წინააღმდეგობრივი რჩება ერთი (და კარგი) მიზეზის გამო. პირველ რიგში, ასეთი სტრუქტურებისათვის პოტენციური მტკიცებულებები — ე. ი. ვარსკვლავის პერიოდული დაბნელებები — ადვილად აიხსნება სხვა მოვლენებით. მეორე — ნებისმიერი კვლევა შეიძლება მიკერძოების საგანი აღმოჩდეს, როდესაც საქმე არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას ეხება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გონიერი სიცოცხლის ძებნა ერთ-ერთი საუკეთესო კვლევის საგანია და რაც მთავარია, აუცილებელიც. სიცოცხლის სხვა ნიშნების აღმოჩენა არა მხოლოდ მტანჯველ ეგზისტენციალურ შეკითხვებს (მარტონი ვართ?) გასცემს პასუხს, არამედ საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, როგორია სიცოცხლის სხვანაირი ფორმები. ყველა სიცოცხლე ნახშირბადზეა დაფუძნებული? არის სხვა შესაძლებლობებიც? და ა. შ.
წყარო:
http://1tv.ge/ge/news/view/162623.html
https://phys.org/news/2017-05-alien-megastructures-nearby-pulsars.html
https://arxiv.org/abs/1705.04142