მელბურნის და პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტების მკვლევარებმა შექმნეს მსოფლიოში უთხელესი ნანო-ჰოლოგრამა, რომელიც ადამიანის თმის ღერზე თხელია და მისი დათვალიერება შესაძლებელია 3D სათვალეებისა და მსგავსი მოწყობილობების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ 3D დისფლეები უკვე დანერგვის სტადიაზეა სმართფონებში, ტელევიზორებსა თუ კომპიუტერებში.
ჩვეულებრივ ჰოლოგრამაში 3D ეფექტს გვაძლევს სინათლის ფაზის მოდულაცია. მაგრამ ფაზის საკმარისი წანაცვლების მისაღწევად საჭიროა, რომ ჰოლოგრამის სისქე მინიმუმ ოპტიკური ტალღის სიგრძის რიგირ იყოს. ავსტრალიელმა და ჩინელმა მკვლევართა ჯგუფმა შეამცირა ეს მასშტაბი და შექმნა 25 ნანომეტრი სისქის ჰოლოგრამა ე.წ. ტოპოლოგიური იზოლატორების გამოყენების ხარჯზე. ტოპოლოგიური იზოლატორი არის ახალი ტიპის კვანტური მასალა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი გარდატეხის მაჩვენებელი, მაგრამ ინარჩუნებს დაბალ გარდატეხის მაჩვენებელს ზედაპირულ ფენაში. ანუ ტოპოლოგიური იზოლატორების თხელი ფენა იქცევა როგორც ოპტიკური რეზონანსული ღრეჩო, რომელსაც ძალუძს გაზარდოს სინათლის ფაზის წანაცვლება ჰოლოგრაფიული ეფექტის მისაღწევად. ამჟამად უკვე მიმდინარეობს ფირების შექმნის პროცესი რომელიც გარდაქმნის LCD ეკრანებს 3D ჰოლოგრაფიულ დისფლეებად.