როგორც ვიცით, მრავალი ხერხი არსებობს იმისათვის, რომ გარკვეული ტიპის ენერგია გარდავქმნათ ელექტრულ ენერგიად. მაგალითად, ბრუნვითი მოძრაობის ენერგიის გარდაქმნა ელექტრულად ხდება დინამოს მეშვეობით, ქიმიური ენერგიის გარდაქმნა შესაძლებელია შიდაწვის ძრავის მეშვეობით, მზის სინათლის ენერგიის გარდასაქმნელად იყენებენ მზის ბატარეებს და ა.შ. ამჯერად ფიზიკოსებმა მიკროტალღების, ორგანული ნახევარგამტარებისა და შებრუნებული სპინური ჰოლის ეფექტის გამოყენებით შემოგვთავაზეს სპინური დენის ელექტრულ დენად გარდაქმნის ახალი ხერხი. ამგვარად აღძრული ელექტრომამოძრავებელი ძალა აჩენს ელექტრულ დენს აქამდე უცნობი გზით.
სპინური დენის ელექტრულ დენად გარდაქმნა ე. წ. შებრუნებული სპინური ჰოლის ეფექტის მეშვეობით პირველად 2013 წელს მოხერხდა, მაგრამ მხოლოდ ერთის სახის ნახევარგამტარისთვის და დაბალი მგრძნობელობით. იუტას უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა პირველად ჩაატარეს მაღალი სიზუსტის კვლევები ორგანული ნახევარგამტარების გაცილებით ფართე კლასზე, ვიდრე მათ წინამორბედებმა.
ენერგიის გარდაქმნის ამ ახალი მეთოდის ეფექტურობა ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი და მისი მომავლის ელექტრონულ ხელსაწყოებში გამოყენებამდე კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო.
დამატებითი ინფორმაცია:
http://www.nature...t4618.html
http://phys.org/n...etism.html