კანადურმა კომპანიამ Ocumetics-მა წარმოადგინა ბიონიკური თვალის ბროლი, რომლის შესაქმნელადაც 8 წელი და 3 მილიონი დოლარი გახდა საჭირო. „ქმნილებას“ სახელად Ocumetics Bionic Lens ეწოდა და შემქმნელების თქმით, უზრუნველყოფს უფრო კარგ მხედველობას, ვიდრე ადამიანის თვალი. წარმომადგენლების თქმით, Bionic Lens მარტივად ჯდება თვალში და არ დეგრადირებს დროის განმავლობაში - ასე რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში კარგი მხედველობის მქონე იქნება.
მოწყობილობის მუშაობის პრინციპის შესახებ მწარმოებელი არაფერს ამხელს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიონიკური ბროლი მარილხსნარით შედის თვალში დაკეცილი სახით, რამდენიმე წამის მერე კი იგი გაიხსნება და მიიღებს მუშა მდგომარეობას, რაც მომენტალურად აუმჯობესებს მხედველობას. ამასთან, ოპერაციას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი, არაა მტკივნეული და არ საჭიროებს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას.
თუ გამოგონების ავტორებს დავუჯერებთ, Bionic Lens-ის იმპლანტაცია არანაირ ბიოფიზიკურ ცვლილებას არ იწვევს მხედველობის ორგანოში. თუმცა, არის გარკვეული შეზღუდვები - პაციენტი არ უნდა იყოს 25 წელზე ახალგაზრდა, რადგან მხოლოდ 25 წლისთვის სრულდება თვალის საბოლოო ჩამოყალიბება. გადა ამისა, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ორგანული დაზიანება, რომელიც გავლენას იქონიებდა ბროლის მექანიზმის კონტროლზე.
ცხადია, პროდუქტი აუცილებლად ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შემოწმდეს, რის შემდეგადაც, თუ იგი ვარგისიანი გამოდგა, კომერციული ოპერაციები დაახლოებით 2017 წელს უნდა დაიწყოს. Ocumetics-ში იმედოვნებენ, რომ ოპერაციის ღირებულება ერთ თვალზე 3,200 $-ს არ გადააჭარბებს.
წყარო:
http://www.sciencealert.com/new-bionic-contact-lenses-could-make-glasses-obsolete