CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე ამჟამად მიმდინარეობს დამხმარე ტესტები და გამაციებელი სისტემის ჩართვა. კრიო-სისტემამ, რომელიც ორი წელია გამორთული იყო, მსოფლიოში ყველაზე დიდი ამაჩქარებლის ელემენტები უნდა გააცივოს 1,9 K ტემპერატურამდე. CERN-ის პრეს რელიზის თანახმად 9 დეკემბრისთვის ამაჩქარებლის მაგნიტების მერვედი უკვე მზად იყო 6,5 TeV სამუშაო ენერგიის მისაღწევად.
ამაჩქარებლის ორწლიანი მოდერნიზაცია აუცილებელი იყო ზეგამტარი მაგნიტების 10,170 შემაერთებლის შესამოწმებლად და გამოსაცვლელად. სწორედ ამ შემაერთებლების დაზიანებას მოყვა დიდი ავარია 2008 წელს, რამაც ამაჩქარებლის ოთხწლიანი გაჩერება გამოიწვია. გარდა ამისა სპეციალისტებმა გააუმჯობესეს გვირაბებში განთავსებული მგრძნობიარე ელექტრო-ხელსაწყოების დაცვის ხარისხი გარედან შემოსული გამოსხივების მიმართ.
სამუშაოთა გეგმის მიხედვით ახალი რანები უნდა დაიწყოს 2015 წლის მარტში, ორჯერ მეტ ენერგიებზე ვიდრე ეს იყო კოლაიდერის პირველი ჩართვისას 2012 წელს. ექსპერიმენტების დროს ამაჩქარებელში შეუშვებენ პროტონების შემხვედრ ნაკადებს და მათი დაჯახების ენერგია მიაღწევს რეკორდულ 13 TeV-ს. ახალი ექსპერიმენტების ძირითადი ამოცანებია 2012 წელს აღმოჩენილი ჰიგსის ნაწილაკის თვისებების შესწავლა და ბნელი მატერიის, დამატებითი განზომილებების და სუპერსიმეტრიის მოდელების შემოწმება.