ეს კაშკაშა სპირალური გალაქტიკა, M63, ჩვენგნ დაახლოებით 25 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული და მეძებარი ძაღლების (Canes Venatici) თანავარსკვლავედში მდებარეობს. მისი დიამეტრი დაახლოებით ასი ათასი სინათლის წლის ტოლია, რაც იმას ნიშნავს რომ თავისი ზომებით და აგებულებით ეს ჩვენი მშობლიური გალაქტიკის მსგავსი გალაქტიკაა. არაფორმალურად M63-ს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე როგორც მზესუმზირას გალაქტიკას (Sunflower Galaxy). ეს გალაქტიკა 1779 წელს ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა (Pierre Méchain) აღმოაჩინა. XIX საუკუნის 50-იან წლებში ლორდ როსმა (Lord Rosse) თავისი განთქმული "ლევიაფანით" (1845 წელს აშენებული 180 სანტიმეტრიანი სარკის მქონე რეფლექტორი, რომელიც საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში უდიდეს ტელესკოპად რჩებოდა) ამ გალაქტიკას სპირალური სტრუქტურა დაუდგინა. გასაოცარია ამ გალაქტიკის ფერთა პალიტრა: მის ცენტრალურ ნაწილში დომინირებენ უფრო ასაკოვანი, ყვითელი ვარსკვლავები, ხოლო სპირალურ შტოებში სჭარბობენ ახალგახრდა, ცისფერი ვარსკვლავები. აქ ასევე ბევრია მტვროვანი ზოლები და მოვარდისფრო გაზური ვარსკვლავთწარმოქმნის არეები. სადაც ახალი ვარსკვლავები კვლავ და კვლავ იბადებიან. M63 საკმაოდ აქტიური გალაქტიკაა, იგი მთელ ელექტრომაგნიტურ სპექტრში ანათებს და როგორც ჩანს ახლო წარსულში აქ გაცილებით უფრო ინტენსიური ვარსკვლავთწარმოქმნა მიმდინარეობდა.