მეოცე საუკუნემდე ითვლებოდა, რომ სამყარო სტატიკური და უცვლელია. თუმცა ედუინ ჰაბლის დაკვირვებების შედეგად, აღმოჩნდა რომ სამყარო ფართოვდება. აინშტაინის თეორიამ და ჰაბლის აღმოჩენებმა საფუძველი დაუდო დიდი აფეთქების თეორიას. აღმოჩნდა, რომ სამყარო ყოველთვის არ არსებობდა, ის ოდესღაც გაჩნდა. ეს მეოცე საუკუნის უდიდესი აღმოჩენა და ჯერაც აუხსნელი საიდუმლოა. ჩვენთვის ცნობილ სამყაროში იშვიათია უნიკალური ფიზიკური მოვლენა. მოვლენებს განაპირობებს ფიზიკური კანონზომიერებები, რომლებიც ყველგან ერთნაირად მოქმედებს. ამიტომ ფიზიკური მოვლენები თითქმის ყოველთვის განმეორებადია. არ არსებობს მხოლოდ ერთი კვაზარი, ან მხოლოდ ერთი შავი ხვრელი. თუ ერთ რომელიმე ადგილას მატერია საკმარისად შეიკუმშა შავი ხვრელის გასაჩენად, მაშინ ეს მოვლენა სხვა ადგილასაც აუცილებლად მოხდება, ეს მოსაზრება ეყრდნობა დაკვირვებებს:
-
სამყარო უზარმაზარია;
-
ფიზიკური კანონზომიერებები ყველგან ერთნაირად მოქმედებს.
ამიტომ მოსალოდნელია, რომ სიცოცხლეც არ უნდა იყოს უნიკალური. სადღაც, თუნდაც ძალიან შორს, უნდა გაჩენილიყო სხვა სიცოცხლე (თუმცა ამის თქმა ჯერჯერობით დარწმუნებით არ შეგვიძლია). ასევე მოსალოდნელია, რომ მთელი სამყაროც მსგავს პრინციპს ემორჩილება - დიდი აფეთქებაც ალბათ არაა უნიკალური.
კოსმოლოგიაში არსებობს ინფლაციის თეორია, რომელიც ამბობს, რომ სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გაფართოვდა. მაშინ შესაძლებელია წარმოიქმნას მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამყაროთა უბნები, ან ქვე-სამყაროები, რომლებიც დამოუკიდებლად გაივლიან ევოლუციის საფეხურებს. მულტი-სამყაროს იდეა ასევე მხარდაჭერილია სუპერსიმების თეორიის მიერ.
ჯერ-ჯერობით ინფლაციური თეორია ყველაზეკ არგად ხსნის კოსმოლოგიაში არსებულ პრობლემებს, როგორიცაა ჰორიზონტის და სამყაროს სიბრტყელის პრობლემები. მაგრამ მულტი-სამყაროს იდეა ჯერ-ჯერობით ჰიპოთეტური და სპეკულაციურია, არ არსებობს ემპირიული მონაცემები, რომლებიც მას დაადასტურებდა. შესაძლოა მულტი-სამყარო მხოლოდ ჩვენი წარმოდგენილი მათემატიკური მოდელია, რომელიც უბრალოდ თეორიას დასჭირდა. თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც თითქოს მულტი-სამყაროს დაშვებით შეიძლება. მაგალითად, სამყაროს დაბალი ენტროპიის პრობლემა დიდი აეთქებისას. თუ ჩვენმა სამყარომ მართლაც წარმოქმნა განშტოებები დაბალი ენტროპიის პრობლემა იხსნება, რადგან სისტემა აღარაა ჩაკეტილი.
წყარო: http://www.proetcontra.com/2009/03/30/fine-tuning-for-life-in-the-multiverse/