შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 288
ბოლო წევრი: Giorgi bliadze

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
დროის ისარი: One way or another

წლების განმავლობაში სჯეროდათ რომ დრო აბსოლუტურია. შესაბამისად ნებისმიერი მოვლენა შეიძლება ცალსახად აღვწეროთ რაღაც რიცხვით, რომელსაც დრო ჰქვია და ჩვენი ყველა კარგად გამართული საათი აჩვენებს დროის ერთსა და იმავე ინტერვალს ორ მოვლენას შორის. მაგრამ დრამატულად შეცვალა მდგოამრეობა რელატივიზმის აღმოჩენის შემდეგ, ყველა დამკვირვებლისთვის სინათლის სიჩქარე ერთნაირია, ამ ფაქტმა კი მოითხოვა აბსოლუტური დროის უარყოფა. დრო უფრო პერსონალური ცნება გახდა, დამოკიდებული იმ დამკვირვებელზე, რომელიც მას ითვლის.

ფიზიკის კანონები დროის უკან სვლას არ კრძალავს. განტოლებები, რომლებიც კარგად მუშაობს ბილიარდის ბურთის იმპულსის გამოსათვლელად, ისევე კარგ შედეგს იძლევა მაშინაც, როცა დრო უკან მიედინება.

გრავიტაციის კვანტურ თეორიასთან გასაერთიანებლად საჭირო გახდა “წარმოსახვითი” დროის შემოღება, რომელსაც სივრცეში განურჩეველი მიმართულა აქვს. რაც ნიშნავს, რომ წარმოსახვით დროში წინ და უკან მოძრაობას შორის განსხვავება არ არის. თუმცა ჩვენს “რეალობაში” დროში წინ და უკან მოძრაობას შორის დიდი განსხვავებაა. არასდროს გვახსოვს მომავალი და არასდროს ვახალგაზრდავდებით. ჩვენთვის არსებობს დროის ისარი, რომლის მიმართულებაც ფიქსირებულია. ჩნდება კითხვები თუ საიდან მოდის ეს განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის? რატომ არ გვახსოვს მომავალი?

როგორც უკვე ვთქვით, მეცნიერების კანონები არ განარჩევენ წარსულსა და მომავალს. თუ ჩავატარებთ დისკრეტული სიმეტრიების კოლექტიურ გარდაქმნებს - C-ს (მუხტური შეუღლება - ე. ი. ნაწილაკის შეცვლა ანტინაწილაკით), P-სა (სივრცითი არეკვლა - სარკული ანარეკლის აღება) და T-ს (დროითი არეკვლა - ნაწილაკთა მოძრაობის მიმართულების შეცვლა, ფაქტობრივად დროში უკან მოძრაობა), მაშინ მეცნიერული კანონები ინვარიანტული დარჩება. თუ ერთდროულად ჩავატარებთ CP გარდაქმნას და განვიხილავთ რაღაც პლანეტას, მაშინ მასზე სიცოცხლე იგივე იქნებოდა, უბრალოდ მაცხოვრებლები ჩვენი სარკული ანარეკლები იქნებიან, აგებულნი ანტიმატერიისაგან. ითვლება, რომ თუ ერთდროულ CPT გარდაქმნას განვახორციელბთ საკუთარ თავზე, მაშინ მივიღებ ისევ საკუთარ თავს (ანტიმატერიისგან შემდგარს, სარკულად არეკლილსა და დროში უკან მოძრავს).

მეცნიერული კანონები ცალკე T ოპერაციისთვისაც არ უნდა იცვლებოდნენ, მაგრამ რეალურად ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი განსხვავებაა დროის წინ და უკან მიმართულებებს შორის. წყლით სავსე ჭიქა ვარდება იატაკზე და იმსხვრევა. თუ ამ პროცესს გადავიღებთ ფირზე და დავაკვირდებით, მარტივად ვიტყვით ფირი წინ მიდის თუ უკან. უკან გადახვევისას ჭიქა იატაკიდან - დამსხვრეული მდგომარეობიდან ისევ საწყის - მთელ მდგომარეობაში ბრუნდება - მაგიდაზე ხტება. მსგავსი ყოფაქცევა არასოდეს დაიკვირვება. ასეთი პროცესი აკრძალილია თერმოდინამიკის მეორე კანონით, რომელიც ამტკიცებს, რომ სისტემაში ქაოტურობა, ან ენტროპია ყოველთვის ზრდადია დროში, ბუნება უპირატესობას ანიჭებს უწესრიგო მდგომარეობას, საგნები ყოველთვის უწესრიგობის გზას ირჩევენ. “თუ რაღაცის გასაკეთებლად არსებობს ორი ან მეტი გზა და ერთერთს კატასტროფამდე მივყავართ, მაშინ არჩეული იქნება სწორედ ეს გზა”.

ჩვენს მაგალითში ჭიქა მაგიდაზე არის მოწესრიგებული - დაბალი ენტროპიის მდგომარეობა, რომელიც მიისწრაფის უწესრიგობისკენ - დამსხვრეული - მაღალი ენტროპიისკენ. შესაბამისად, ადვილად შესაძლებელია გადასვლა წარსულიდან, მთელი ჭიქიდან - დამსხვრეულ ჭიქამდე მომავალში, მაგრამ არა შებრუნებით. სწორედ ქაოტურობის, ანუ ენტროპიის ზრდა არის იმის მაგალითი, რასაც დროის ისარს უწოდებენ, ის განსაზღვრავს დროის მიმართულებას და განასხვავებს წარსულს მომავლისაგან.

არსებობს დროის, სულ ცოტა, სამი განსხვავებული ისარი. პირველი ესაა - თერმოდინამიკური ისარი, რომლის გასწვრივაც იზრდება ქაოტურიბა. არსებობს დროის ფსიქოლოგიური ისარი, რომელშიც ჩვენ ვგრძნობთ დროის მიმდინარეობას. და ბოლოს, არის დროის კოსმოლოგიური ისარი, დროის მიმართულება, რომელშიც სამყარო ფართოვდება და არ იკუმშება.

დავასაბუთოთ, რომ ფსიქოლოგიური ისარი განპირობებულია თერმოდინამიკური ისრით და ეს ორი ყოველთვის აუცილებლად უჩვენებს ერთსა და იმავე მიმართულებას.

განვიხილოთ თერმოდინამიკური ისარი. თერმოდინამიკის მეორე კანონიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს გაცილებით მეტი უწესრიგო მდგომარეობა, ვიდრე მოწესრიგებული. თუ განვიხილავთ ფაზლს, მაშინ მისი სწორად აწყობის ერთადერთი გზა გვაქვს, უწესრიგოდ დალაგებისა კი უამრავი.

თუ სისტემა იწყება მაღალი მოწესრიგებულობის მქონე მდგომარეობიდან, დროის სვლასთან ერთად ის იცვლება და უფრო ალბათურია, რომ ის აღმოჩნდეს მოუწესრიგებელ მდგომარეობაში, რადგან ქაოსურ მდგომარეობათა ალბათობა უფრო დიდია. მოუწესრიგებლობას დროში ზრდის ტენდენცია აქვს. მაგალითისთვის განვიხილოთ ჩვენი მეხსიერება. რადგან არ ვიცით ჩვენი ტვინის ზუსტი მოქმედების შესახებ, ამიტომ ანალოგიად გამოვიყენოთ კომპიუტერის მეხსიერება, რომელიც აღიწერება ბინარულად, ერთიანებითა და ნულებით, გვაქვს ან მოწესრიგებული მდგომარეობა ან მოუწესრიგებელი. ლოგიკას არ იქნება მოკლებული, თუ მივიჩნევთ, რომ კომპიუტერისთვის დროის ისარი ისეთივეა, როგორიც თქვენთვის. სანამ მეხსიერებაში ინფორმაციას ჩავწერთ, მდგომარეობა მოუწესრიგებელია. როგორც კი კომპიუტერის მეხსიერება იმოქმედებს, სისტემა გადადის მოუწესრიგებლობიდან მოწესრიგებულში. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ეს მართლაც მოწესრიგებული მდგომარეობაა თუ არა, საჭიროა ენერგიის დახარჯვა, რომელიც გადადის სითბოში, რაც შესაბამისად ზრდის მოუწესრიგებლობის სიდიდეს სამყაროში. შესაბამისად გვაქვს შედეგი, რომ წესრიგის ზრდამ მეხსიერებაში მოუწესრიგებლობის სრული სიდიდის ზრდა გამოიწვია სამყაროში. მაშასადამე, დროის ის მიმართულება, რომელშიც კომპიუტერი იმახსოვრებს წარსულს, მსგავსია იმ მიმართულებისა, რომელშიც იზრდება უწესრიგობა.

დროის აღქმის ჩვენი ფსიქოლოგიური ისარი ჩამოყალიბდა თერმოდინამიკური ისრის გავლენით. ვიმახსოვრებთ მოვლენებს იმ მიმართულებით, რომლისთვისაც ენტროპია ზრდადია.

თუ სამყაროს განვითარება მოწესრიგებული მდგომარეობით უნდა დასრულდეს, იმის მიუხედავად თუ როგორ დაიწყო იგი, ეს ნიშნავს, რომ დროის სვლასთან ერთად მოუწესრიგებლობა უნდა შემცირდეს.

თუ ვიფიქრებთ, რომ სამყაროს რეკოლაფსის შემთხვევაში მოუწესრუგებლობა შემცირდება და სამყარი დაუბრუნდება ერთგვაროვან და მოწესრიგებულ მდგომარეობას, ეს ნიშნავს რომ შეკუმშვის ფაზა დაემსგავსება დროის შებრუნებას გაფართოების ფაზაში. ადამინები მოკვდებიან იმაზე ადრე ვიდრე დაიბადებიან, საკუთარ ცხოვრებას გაივლიან შებრუნებული მიმართულებით. ეს იდეა ნამდვილად მოგვხიბლავს (როგორც ფილმში The Curious Case of Benjamin Button) თუმცა, შეკუმშვის ფაზა შეიძლება არ განსხვავდებოდეს გაფართოების ფაზისაგან. შესაძლოა, რომ შეკუმშვის ფაზაშიც მოუწესრიგებლობა აგრძელებდეს ზრდას, შესაბამისად დროის თერმოდინამიკური და ფსიქოლოგიური ისრებიც არ იცვლიდნენ მიმართულებას შეკუმშვად სამყაროში.

ჩნდება კითხვა, რატომ ემთხვევა დროის მიმართულება, რომლის გასწვრივაც იზრდება მოუწესრიგებლობა, სამყაროს გაფართოების დროის მიმართულებას? ანუ რატომ არიან დროის თერმოდინამიკური და კოსმოლოგიური ისრები მიმართული ერთი წერილისკენ (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ ემთხვევა სამყაროს გაფართოების დროის მიმართულება მოუწესრიგებლობის ზრდის მიმართულებას)?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეგვიძლია ე. წ. სუსტ ანთროპულ პრინციპზე დაყრდნობით (ანთროპული, ადამიანის გავლენით). პრინციპი შეიძლება ასე აიხსნას “ჩვენ სამყაროს ვხედავთ ასეთნაირს, იმიტომ რომ ვარსებობთ”. ანთროპული პრინციპის ორი ვერსია არსებობს - სუსტი და ძლიერი. სუსტი ანთროპული პრინციპი ამტკიცებს, რომ სამყაროში, რომელიც უზარმაზარია, ან უსასრულოა სივრცესა და/ან დროში, ინტელექტუალური სიცოცხლის განვითარებისთვის საჭირო პირობები არსებობს სივრცისა და დროის მხოლოდ რაღაც შეზღუდულ რეგიონში. შესაბამისად, არსებას ამ რეგიონიდან არ უნდა გაუკვირდეს, რომ მისი ადგილსამყოფელი სამყაროში აკმაყოფილებს პირობებს მისი არსებობისთვის.

ანთროპული პრინციპი გულისხმობს, რომ პირობები სამყაროს შეკუმშვის ფაზაში არ არის დამაკმაყოფილებელი, რათა წარმოიშვას გონითი არსება, რომელიც დასვამს შეკითხვას „რატომ იზრდება მოუწესრიგებლობა დროის იმ მიმართულებით, რომელშიც ფართოვდება სამყარო”. დროის თერმოდინამიკური ისარია საჭირო მოაზროვნის არსებობისათვის, რომელმაც უნდა მიიღოს საკვები, ე.ი. მატერიის მოწესრიგებული ფორმა, რათა გადარჩეს, მოწესრიგებული ფორმა გადადის სითბოში - ენერგიის მოუწესრიგებელ ფორმაში. ესაა ყოფნის საბაზისო პირობა, ამგვარად მოაზროვნეს არსებობა შეკუმშვის ფაზაში შეუძლებელია. ესაა ახსნა იმისა, თუ რატომ ვხედავთ, რომ დროის კოსმოლოგიური და თერმოდინამიკური ისრები ერთ მიმართულებას მიუთითებენ.

როგორც უკვე ვთქვით, მეცნიერების კანონები ვერ განარჩევენ დროის წინ და უკან დინებას, თუმცა, მაინც არსებობს დროის სამი ისარი, რომელიც განასხვავებს წარსულს მომავლისაგან. მსჯელობის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროის თერმოდინამიკური და ფსიქოლოგიური ისარი არსებითად იგივეა და ყოველთვის ერთ მიმართულებას უჩვენებენ. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვაკვირდებით თერმოდინამიკური და კოსმოლოგიური ისრების თანამიმართულებას არის ის, რომ მოაზროვნე არსება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სამყაროს გაფართოების ფაზაში, რადგან შეკუმშვის ფაზაში არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული თერმოდინამიკური ისარი, რომელიც ფუნდამენტურ ზეგავლენას ახდენს გონითი არსების შექმნა-არსებობაზე. ამ სტატიის კითხვის დროსაც ჩვენს რეალობაში თქვენ, მოაზროვნე არსებამ, გარდაქმენით საკვები - მოწესრიგებული მატერია მოუწესრიგებელ სითბოდ, რაც სამყაროს გადაეცით თქვენ გარშემო ჰაერის კონვექციისა და ნესტის სახით. ნებისმიერი რამის დამახსოვრების პროცესით მეხსიერება მოაწესრიგეთ, ხოლო თქვენს გარშემო სამყაროს სრული მოუწესრიგებლობა, რომელიც აჭარბებს წესრიგს თქვენს ტვინში, რამდენჯერმე გაზარდეთ.

წყარო:

ს. ჰოუკინგი,

„დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე“

(თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1914)

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.